დეპუტატების პარადოქსი

12.08.2024

ავტორი: სალომე ბრეგვაძე

2024 წლის 3 ივნისს ოფიციალურად ამოქმედდა „რუსული კანონი“, რომელიც მტრული, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად აცხადებს დასავლეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ დამოუკიდებელ მედია  საშუალებებს. „რუსულ კანონს“ ხელი მოაწერა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

„რუსული კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის პარალელურად, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერები ხელისუფლებას კანონპროექტის მიღების შეჩერებისკენ მოუწოდებდნენ. არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე გაჟღერდა, რომ კანონპროექტი თავისი არსით პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის შეთანხმებას.

ამ ფონზე, გახშირდა ანტიდასავლური განცხადებები, რომელთაც საპარლამენტო უმრავლესობის დაპუტატები აჟღერებდნენ. პარადოქსულია, რომ ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ ის დეპუტატები თუ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, რომელთაც დასავლური სიკეთეებით არაერთხელ უსარგებლიათ როგორც საკუთარი, ასევე ოჯახის წევრების პიროვნული და კარიერული განვითარების მიზნით.

დეპუტატების პარალელური რეალობა – ანტიდასავლური პოლიტიკა VS დასავლური ჯანდაცვა

დასავლეთის ქვეყნებში, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებსა და ევროპის მოწინავე  ქვეყნებში, სამედიცინო სფერო მაღალ დონეზეა განვითარებული. ინოვაციური აღმოჩენები, ახალი  სამედიცინო ტექნოლოგიებისა და ეფექტური მკურნალობის მეთოდოლოგიების შემუშავება აღნიშნულ ქვეყნებში სამედიცინო სფეროს წინსვლისთვის გაღებული გულუხვი ინვესტიციების შედეგია. საყურადღებოა, რომ ,,რუსული კანონი’’ ეჭვქვეშ აყენებს საქართველოში საერთაშორისო დონორებისაგან ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი გრანტებისა და დონაციის გაგრძელებასაც, რაც ქვეყანაში სამედიცინო სფეროს განვითარებაზე ნეგატიურად აისახება.

საინტერესოა, რომ, „რუსული კანონის“ მხარდამჭერ და ანტიდასავლური რიტორიკის გამავრცელებელ მინიმუმ 10-მდე დეპუტატსა თუ მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, არა ქართული ჯანდაცვის, არამედ სწორედ დასავლური ჯანდაცვის სისტემისთვის მიუმართავთ:

  • ავთანდილ ენუქიძის უმცროსი შვილი, სოფია ენუქიძე საფრანგეთის ქალაქ ლილიში დაიბადა.
  • გიორგი(გია) ვოლსკის შვილი გიორგი ვოლსკი ნიუ-იორკშია დაბადებული.
  • ლევან კობიაშვილის შვილები, სალომე და ნიკოლოზ კობიაშვილები, გერმანიაში, ქალაქ ფრაიბურგსა და დუისბურგში დაიბადნენ.
  • ბაია კვიციანმა შვილი გაერთიანებულ სამეფოში, ლონდონში გააჩინა.
  • ანტიდასავლური რიტორიკით განსაკუთრებით გამორჩეული ბექა ოდიშარიას, შვილი, მანანა ოდიშარია, ილინოისის შტატში დაიბადა.
  • ანრი ოხანაშვილის შვილები, მარიამ და ანა ოხანაშვილები,  გერმანიის დედაქალაქ ბერლინში  დაიბადნენ.
  • დავით სონღულაშვილის უფროსი შვილი, სესილი სონღულაშვილი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში დაიბადა.
  • ალუდა ღუდუშაურის შვილები, ელენე და შოთა ღუდუშაურები, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადნენ და, შესაბამისად, აშშ-ს მოქალაქეები არიან.
  • მიხეილ ყაველაშვილის უფროსი ქალიშვილი, მარიამ ყაველაშვილი, ინგლისში, მანჩესტერში დაიბადა, ხოლო უმცროსი შვილი, გურამ ყაველაშვილი, ციურიხში.

დეპუტატების პარალელური რეალობა – ანტიდასავლური პოლიტიკა VS დასავლური განათლება

მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან  მილიონობით ადამიანი დასავლეთში განათლების მისაღებად მიგრირებს. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის უნივერსიტეტები მათი კარიერული განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს სიკეთე ქართველი ახალგაზრდებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა – გაჩნდა ახალი შესაძლებლობა, რომ ისინი განათლების მისაღებად მოსკოვის ნაცვლად მეტად განვითარებულ ქვეყნებში წასულიყვნენ.

როგორც აღმოჩნდა, ევროპული განათლება „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატებისთვისაც მნიშვნელოვანია:  საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები და მათი ოჯახის წევრი სხვადასხვა დროს ამერიკისა და ევროპის უნივერსიტეტებში მაგისტრისა თუ ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სწავლობდა. თუმცა, საყურადღებოა, რომ ისინი მაინც მხარს უჭერენ ისეთ კანონს, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და მეტად აშორებს ქართულ საგანმანათლებლო სფეროს დასავლური განათლების დახვეწილი სისტემისგან.

  • გოჩა ენუქიძის შვილმა, თინათინ ენუქიძემ, ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და მენეჯმენტის მიმართულებით გერმანიაში, ბრემენში, Constructor Universityში მიიღო.
  • მაკა ბოჭორიშვილის შვილი, ნინო რამიშვილი, Collège Saint-Michel (Bruxelles)ში სწავლობს და დღემდე ბრიუსელში ცხოვრობს. ამასთან, თავად მაკა ბოჭორიშვილს, 2018-2020 წლებში, საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში და საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის პოზიცია ეკავა.
  • ზაზა ლომინაძის უფროსი შვილი, ეკა ლომინაძე, გერმანიაში ცხოვრობს. ეკა ლომინაძემ განათლება გერმანიაში სამედიცინო მიმართულებით მიიღო და იდარ-ობერშტეინის საავადმყოფოშია დასაქმებული.
  • როგორც დეპუტატი გიორგი(გია)ვოლსკი ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებს,მისმა შუათანა შვილმა სანდრო ვოლსკიმ ნიუ-იორკში უმაღლესი განათლება მიიღო.სტუდია ,,მონიტორის’’ ინფორმაციით,სანდრო ვოლსკი აშშს მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში ,,CULMEN INTERNATIONAL’’-ში უფროს მრჩევლად მუშაობს.
  • გიორგი სოსიაშვილის შვილი, ნათია სოსიაშვილი სამაგისტრო პროგრამაზე ტუშის უნივერსიტეტში, ქალაქ ვიტერბოში (იტალია) სწავლობს.
  • სალომე ქურასბედიანმა, რომელიც თავად „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატია, განათლება საფრანგეთში, ტულუზის კაპიტოლის უნივერსიტეტში (Université Toulouse Capitole) მიიღო.

დეპუტატების პარალელური რეალობა – ანტიდასავლური პოლიტიკა VS დასავლური გამოცდილება

ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და კონსოლიდაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციების როლი მნიშვნელოვანია. მათი მიზანია  სოციალური, გარემოსდაცვითი და ჰუმანიტარული საკითხების მოგვარება პოლიტიკის ადვოკატირების, სერვისების მიწოდებისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ადვოკატირებენ იმ საკითხებს, რომელთაც საჯარო უწყება სათანადოდ ვერ ფარავს.

პარადოქსია, რომ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების ნაწილი ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებს, თუმცა,  საკუთარი კარიერის განმავლობაში, თავადვე უმუშავია იმ საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომელთაც ეს კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად აცხადებს.

  • პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პოლიტიკაში მოსვლამდე, ჯერ შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი განათლების პროექტის რეგიონული კოორდინატორი (USAID), შემდეგ კი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP),ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი . 2011-12 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრის პოზიცია ეკავა.
  • 17 წლის განმავლობაში, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) თანამშრომელი იყო. მუშაობის ბოლო წლებში, ის ორგანიზაციის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელის პოზიციასაც იკავებდა.
  • სხვადასხვა წლებში, გივი მიქანაძე იყო გაეროს ერთ-ერთი პროექტის იურიდიული მრჩეველი და ფინანსური მენეჯერი, ევროკავშირის პროექტის „სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა“ ეროვნული ექსპერტი, ეუთოს პროექტის დირექტორი, ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერი.
  • სხვადასხვა წლებში, მაია ბითაძე იყო მსოფლიო ბანკის პროექტის „საქართველოს დაცული ტერიტორიების პროექტი“ იურისტ-ექსპერტი; ეუთოს პროექტის „ორჰუსის ცენტრი“ კონსულტანტი სამართლებრივ საკითხებში,  გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის, ორჰუსის კონვენციის მხარეთა შეხვედრისა და ბიუროს თავმჯდომარე.
  • ბექა დავითულიანი იყო შპს „მედიაჰაუსი დეკომის“ იურისტ-კონსულტანტი და ჟურნალ „ლიბერალის“ თანამშრომელი. შპს „მედიაჰაუსი დეკომი“ აერთიანებდა ჟურნალებს „ცხელი შოკოლადი“, „ლიბერალი“ და რადიოს „ცხელი შოკოლადი“.
  • სხვადასხვა დროს, ირაკლი ბერაია მუშაობდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებაში დასავლეთ საქართველოს კოორდინატორის პოზიციაზე, ასევე, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის საქართველოს დელეგაციაში, რეგიონული კოორდინატორის პოზიციაზე.
  • ანრი ოხანაშვილი იყო ფოლკსვაგენის ფონდის (VW – Stiftung) მიერ დაფინანსებული გერმანულ-ქართული სამეცნიერო პროექტის მეცნიერთანამშრომელი, „ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის“ მთავარი რედაქტორი.
  • სხვადასხვა წლებში, სოზარ სუბარი იყო გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მრჩეველი, აშშ-ს მთვარობის მიერ დაფუძნებული „რადიო თავისუფლების“ კორესპოდენტი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფლების ინსტიტუტის“ კანონის უზენაესობის პროექტის დირექტორი.   2004 წელს, სოზარ სუბარს მიღებული აქვს საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის გრანტი გაზეთი „სპექტრის“ პროექტის ფარგლებში ტრენერობისთვის.
  • ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ თალაკვაძეს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID- ის დემოკრატიული მმართველობის პროექტის დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა 2011-12 წლებში.

მიმდინარე სტატიის მიზანია  საზოგადოების ინფორმირება თუ როგორი პარადოქსულ რეალობაში ცხოვრობენ რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები. ცხადია, ის ფაქტი რომ მიუხედავად დასავლური ინტეგრაციის შემაფერხელი კანონის მიღებისა და დასავლეთის მიმართ ხშირად კრიტიკული ნარატივისა, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები აგრძელებენ ევროპული სიკეთეების  გამოყენებას, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და განათლების სფეროებში. დეპუტატები ან მათი ოჯახის წევრები ხშირად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას ევროპის ქვეყნებში და შვილებს დასავლეთის სკოლებში და უნივერსიტეტებში აგზავნიან. გარდა ამისა, ამ დეპუტატების ოჯახის ზოგიერთი წევრი ცხოვრობს საზღვარგარეთ ევროპის ქვეყნებში, სარგებლობს ცხოვრების მაღალი ხარისხის უპირატესობით.
აღნიშნული ფაქტები, ხაზს უსვამს კონტრასტს მათ საჯარო პოზიციასა და პირად არჩევანს შორის.

მასალაში მოპოვებული ინფორმაცია არის საჯარო. აღნიშნული ინფორმაცია  ამოღებულია დეპუტატების დეკლარაციებიდან და ბიოგრაფიიდან.

სიახლეები

მულტიმედია