დისკრიმინაციული შევიწროება

08.12.2017

შედარებით-სამართლებრივი ანალიზიანალიტიკური

სტატიის ავტორი: ეკატერინე ლომთათიძე; საქმეების თარგმნაზე მუშაობდნენ: ეკატერინე ლომთათიძე, ელენე ქაიხოსროშვილი, გიორგი დვალაძე, ნინო ჯანაშია.

ეს კვლევა ეხება შევიწროების საკანონმდებლო რეგულირებას სხვადახვა ქვეყანაში, კონცეფციის განვითარების ისტორიას, ევროპის საბჭოს და
ევროპის კავშირის რელევანტურ სტანდარტებს შევიწროებასთან დაკავშირებით. კვლევის მიზანია საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის
და უფრო მეტად მისი ნაკლებობის კრიტიკული ანალიზი და იმ საკითხების იდენტიფიცირება, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის საკანონმდებლო რეგულირების შემუშავებისას.

შევიწროების კონცეფციის განვითარების ისტორია გვაჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის განვითარდა დისკრიმინაციის აკრძალვის სამართალში, ევროპულ ქვეყნებში კი მისი გამოჩენა უკავშირდება ფსიქოლოგიურ კვლევებს მობინგთან დაკავშირებით, რომლებმაც განაპირობეს აქცენტი ღირსების შემლახველ ქცევაზე. ამერიკაშიც და ევროპაშიც განსხვავებული პარადგიმების მიუხედავად, შევიწროების კონცეფცია ორივეგან პირველად შრომის სამართლის სფეროში გამოჩნდა.

ევროპის კავშირის დირექტივებმა გააფართოვეს შევიწროების აკრძალვის მოქმედების არეალი და ის, როგორც დისკრიმინაციის ფორმა, იკრძალება აგრეთვე საქონლისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის და მიწოდების სფეროში კერძო და საჯარო სამართალში. ევროპის კავშირის ქვეყნებს, რამდენადაც ვალდებულება ქონდათ აღნიშნული დირექტივების ეროვნულ სამართალში გადმოტანისა, აქვთ მიღებული შესაბამისი კანონმდებლობა და კრძალავენ შევიწროებას, რომლებიც დაკავშირებულია დირექტივებში გათვალისწინებულ დისკრიმინაციულ საფუძვლებთან და გულისხმობს არასასურველ ქცევას, რაც მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს პირის ღირსების შელახვას და შემაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი ან აღმაშფოთებელი გარემოს შექმნას.

სხვა ქვეყნების პრაქტიკის კვლევა აჩვენებს, რომ შევიწროების რეგულირება შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს ისეთ კონსტიტუციურად დაცულ ინტერესებთან, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და პასუხისმგებლობის დამდგენი კანონის განსაზღვრულობის პრინციპი. აღნიშნული კონფლიქტის რისკი არის ის, რაზეც უნდა გაამახვილოს ქართველმა კანონმდებელმა ყურადღება შევიწროების საკანონმდებლო რეგულირებისას. თუ ნორმის მოქმედების სფერო იქნება მკაფიო და დაიცავს ბალანს გამოხატვის თავისუფლებასთან, შევიწროების აკრძალვა, უდავოდ მნიშვნელოვანი იქნება სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინირებული ჯგუფების დასაცავად ღირსების შემლახველი მოპყრობისგან.

NEWS

MULTIMEDIA