დისკუსია იპოდრომის გასხვისებული კორტების და იპოდრომის პარკის რეაბილიტაციის შესახებ

12.07.2022

იპოდრომის პარკის რეაბილიტაციის გეგმა მოქალაქეთა ჩართულობის გარეშე შედგა და უნებართვო მშენებლობის ფორმით მიმდინარეობს. კერძო ინტერესს შეეწირა იპოდრომის მიმდებარედ არსებული საჩოგბურთო კორტებიც, რომელიც, პირველად, 2009 წელს გასხვისდა. ქალაქის ამჟამინდელმა მთავრობამ ეს აქტი უპატიებელ შეცდომად გამოაცხადა და საზოგადოებრივი სივრცის საზოგადოებისთვის დაბრუნების პირობა დადო. საზოგადოებას კორტები დიდი ხნით არ დაბრუნებია, რადგან მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, ის კვლავ გასხვისდა, ამჯერად სხვა კერძო პირზე, რომელიც აქ კომერციულ სპორტულ კომპლექსს ააშენებს. ძვირ და ფეშენებელურ სპორტულ კომპლექსზე ხელი ქალაქის მოსახლეობის მხოლოდ უმცირესს ნაწილს მიუწვდება.

ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით იპოდრომის გულშემატკივარი მოქალაქეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ ერთად გამართული დისკუსია შეეხო გასხვისებულ, დაბრუნებულ და ისევ გასხვისებულ იპოდრომის კორტებს და იპოდრომის პარკის რეაბილიტაციას.

სამეზობლოს დიდი ნაწილისთვის ბუნებრივი პარკის ბეტონით ჩანაცვლება საკმარისი მოტივაცია არ არის, რომ ეს ჩარევა გააპროტესტოს. „იპოდრომი-უბეტონო მხარე“ ჯგუფის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის მანძილზე, მისი ყოველი იპოდრომზე გამოსვლა მოსახლეობის გააქტიურების და „გამოღვიძების“ მცდელობაა.

„ჩემი იპოდრომზე გამოსვლა არის ხალხისთვის იმის ახსნა, რომ ყურადღების გარეშე არ უნდა დავტოვოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საზოგადოების მონაწილეობა მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებში, რომელსაც ხელისუფლება მთლიანად უგულვებელყოფს. ხშირად ჩემს მიზნებშიც ეჭვი ეპარებათ. რა ინტერესი გაქვს? მეკითხებიან. რა ინტერესი უნდა მქონდეს. ეს არის სივრცე სადაც გავიზარდე და მინდა, რომ შენარჩუნდეს.“- ამბობს ელენე ცერცვაძე.

სადავო მშენებლობების და დაგეგმილი მშენებლობების შესაკავებლად ეფექტურად არც სასამართლო მუშაობს. ელენეს თქმით, 2021 წლის შემოდგომაზე დაწყებული დავა სასამართლოს დღემდე არ დაუწყია. „ძალიან სამწუხაროა, რომ სასამართლო ზუსტად ისე ექცევა ამ საკითხს, როგორც მერია ექცეოდა. უწყებიდან უწყებაში გვამისამართებს, კითხვიდან-კითხვაზე. პასუხისმგებლობის აღება არავის უნდა და მთლიანი პროცესი არის წრეზე სიარული, სადაც არაფერი იცვლება“.

შეხვედრაზე სასამართლოს როლის შესახებ დეტალურად ისაუბრა სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელმა თათული ჭუბაბრიამ:

„სამშენებლო ტერიტორიებზე დაგეგმილ და განხორციელებულ მშენებლობებთან დაკავშირებით სასამართლო სუსტი მექანიზმია, რადგან ჭიანურდება და ხშირ შემთხვევაში, პროექტი დასრულებულია, როცა სასამართლო ინიშნება. ეს ალბათ საგანგებოდ ხდება, რომ მთავარ არგუმენტად არსებობდეს გაწეული ინვესტიციის ხარჯი და ინვესტორის დანახარჯები“.

სახელმწიფოს მოქმედება სრულიად გამორიცხავს საჯარო ინტერესის გათვალისწინებას, როცა საზოგადოებრივი სიკეთე არა ვიწრო წრისთვის, არამედ საზოგადოებისთვის ფართო ფენისთვის არის ხელმისაწვდომი.

„იპოდრომის ამბავი არის ნათელი მაგალითი, როგორ უყურებენ საჯარო სივრცეებს. ეს ორნაწილიანი ამბავია. პირველი არის საარჩევნო ინტერესი. ჩვენ ვიცით, რომ მთლიანად იპოდრომის პარკი შეეწირა საარჩევნო ინტერესებს და წინასაარჩევნო პიარს. მეორე- ეს არის კომერციული ინტერესი და ამის მწვერვალია იპოდრომის კორტების ამბავი. ეს დისკუსია, ჩვენი საუბარი საზოგადოებაში კრიტიკული აზრის წარმოშობას ემსახურება, რომ მათ პრობლემა დავანახოთ“- ანანო ცინცაბაძე, ღია საზოგადოების ფონდი.

ადგილობრივი მოსახლეობისთვის იპოდრომის კორტების მნიშვნელობა მკვლევარმა გიგა კარაპეტიანმა მოკითხვების შედეგად დაადგინა, რომელიც კვლევაშია აღწერილი. მოსახლეობის პასუხები ცხადყოფს, რომ იპოდრომის კორტებს ჰქონდა როგორც სოციალიზაციის, ისე ხელმისაწვდომობის დატვირთვა. საჯარო ინტერესის ერთ-ერთი მთავარი განზომილება კი ხელმისაწვდომობა და სხვადასხვა სივრცეებით სარგებლობაა, ფულის გადახდის გარეშე.

დისკუსიის ვიდეოჩანაწერი.