ძალადობიდან ოთხი წლის შემდეგ, თბილისელი ლგბტ აქტივისტები უსაფრთხოების მკაცრ პირობებში შეიკრიბნენ – DFWatch-ის სტატია

18.05.2017

ონლაინ-გამოცემა DFWatch ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOT) ეხმაურება და 17 მაისს თბილისში ჩატარებულ აქციაზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ ოთხი წლის წინ ათასობით მოძალადის მიერ ლგბტ ჯგუფზე თავდასხმის შემდეგ, მათ უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფა სჭირდებოდათ.

ამიტომაც 17 მაისს, დილით ლგბტ თემის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი და უფლებადამცველები საიდუმლო ადგილას დაიბარეს და მანქანებით გადაიყვანეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც მათ პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ ერთსაათიანი აქცია გამართეს. აქციის დასრულების შემდეგ კი, ისინი იმავე მანქანებით საიდუმლო ადგილას დააბრუნეს.

უსაფრთხოების ეს ზომები აუცილებელი იყო, რადგან კონსერვატიული აქტივისტები მუდმივად თავს ესხმიან ლგბტ თემის აქციებს. ყველაზე დიდი ძალადობრივი ინციდენტი მოხდა 2013 წელს, როცა ათასობით აქტივისტი, ძირითადად მართლმადიდებელი ქრისტიანები, თავისუფლების მოედანზე ლგბტ აქტივისტებს თავს დაესხნენ.

თბილისის ქუჩებში ძალადობა, რომელიც თავდასხმებსა და სხვადასხვა ინციდენტში გამოიხატა, რამდენიმე დღეს და კვირას გრძელდებოდა. ეს კულტურათა ომი იყო, რომლის კულმინაციაც აღმოჩნდა 2013 წლის 17 მაისის ძალადობა.

საქართველოს ხელისუფლებამ ამ ინციდენტის შემდეგ კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი პრობლემის მოსაგვარებლად და ევროკავშირმა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესის პირობად მოითხოვა, ახალ ანტიდისკრიმინაციულ კანონში, რომელიც პარლამენტმა 2014 წელს მიიღო, აღნიშნულიყო ლგბტ ადამიანების უფლებების დაცვა.

თუმცა ლგბტ საზოგადოება და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი პრაქტიკულად არ განხორციელებულა.

როგორც DFWatch იტყობინება, ბოლო წლებში ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ არაერთი თავდასხმა განხორციელდა.

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის პარალელურად, მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. ოთხშაბათს, ათასობით ადამიანი ამ დღის აღსანიშნავად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია Dfwatch.net 

NEWS

MULTIMEDIA