ამა წლის 12-13 აპრილს, ფონდის შიდა პროექტის “შემოსავლების მეთვალყურეობა” (Georgia Revenue Watch) ფარგლებში გაიმართება ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა თემაზე “ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა”. სამუშაო ჯგუფში შემავალმა ექსპერტებმა საქართველოდან, უკრაინასა და ყაზახეთიდან ერთობლივად უნდა შეიმუშავონ ანალიტიკური დოკუმენტი ამ საკითხთან მიმართებაში. სამუშაო ჯგუფში შემავალი ქვეყნები შეირჩა შემდეგი ძირითადი კრიტერიუმებით: სამივე ზემოთჩამოთვლილი ქვეყანა მნიშვნელოვან შემოსავლებს იღებს ენერგორესურსების ტრანზიტიდან და ყველა ამ ქვეყანაში აქტუალურია ენერგოტრანზიტიდან გენერირებული შემოსავლების გამჭვირვალობა. შემუშავებული დოკუმენტი განიხილება 2008 წლის შემოდგომაზე ქ. ოსლოში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება “მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობის ინიციატივას” (Extractive Industries Transparency Initiative- EITI). ამ კონფერენციაზე მოხდება აღნიშნული ანალიტიკური დოკუმენტის ლობირება/ადვოკატირება “მოპოვებითი გამჭვირვალობის ინიციატივის” გაფართოების კუთხით. სამუშაო ჯგუფი ეცდება დაარწმუნოს EITI-ს სამდივნო ოსლოში, რომ სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნებისთვის, მნიშვნელოვანია ისევე როგორც მოპოვებითი მრეწველობის გამჭვირვალობა, ასევე ენერგოტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობა. სამუშაო ჯგუფს იმედი აქვს, რომ EITI-ს სამდივნო გაითვალისწინებს შეთავაზებულ რეკომენდაციებს. მასალა მოგვაწოდა ირინა ლაშხმა, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” კანონის უზენაესობისა და საჯარო ადმინისტრირების პროგრამის კოორდინატორი.