წიგნი 1918-1920 წლების საერობო რეფორმას ეხება და მკითხველს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს არა მარტო რეფორმის ჩატარების სპეციფიკას, გეოგრაფიასა და მიმდინარეობას მაზრების მიხედვით, არამედ თავად თვითმმართველობის საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან 1918 წლამდე.
კვლევაში ნათლად ჩანს, თუ როგორ ნატრობდნენ საქართველოს მოქალაქეები თვითმმართველობის რეფორმას და როგორ ელოდებოდნენ ხელსაყრელ მომენტს ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხს მეფის რუსეთი კრიტიკულად ეკიდებოდა, მაშინდელი განმანათლებლები მაინც მუშაობდნენ იმისათვის, რომ საზოგადოებრივი აზრი ჩამოეყალიბებინათ და მოსახლეობა თვითმმართველობისთვის მოემზადებინათ.
კვლევის ავტორთა თქმით, ვინაიდან თვითმმართველობის საკითხები დღესაც აქტუალურია, განსაკუთრებით, შვიდი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმების ფონზე, წიგნი განსაკუთრებით საყურადღებო იქნება თვითმმართველობის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, რომლებსაც შესაძლებლობა ეძლევათ, გაეცნონ თითქმის საუკუნის წინანდელ გამოცდილებასა და ხედვას, რომელიც, დღევანდელთან შედარებით, გაცილებით თამამი იყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საერობო რეფორმის კვლევა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ 2016-2017 წლებში ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო” ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.
მანამდე, 2016 წელს, ორგანიზაციამ გამოსცა წიგნი – „საქართველოს დამფუძნებელთა კრება – 1919″. 2015-2016 წლებში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სწავლობდა თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილებას საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში, რომელზეც 2016 წელს ორტომეული გამოიცა.
სამომავლოდ ორგანიზაცია გეგმავს, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1980-იანი წლების ბოლომდე პერიოდზე, მოიცვას ყველა ეპოქა და ამ ეპოქისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური თემები. მათ შორის, დაგეგმილია საქალაქო თვითმმართველობის თემის შესწავლა და ერობის რეფორმაში ჩართულ პირთა ბიოგრაფიების გამოცემა.
წიგნი გამოსცა საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.
ერობა თვითმმართველობის რეფო… by on Scribd