ევროკავშირის დახმარებაზე უარი საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა

31.08.2021

ხელმომწერი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება “თავს იკავებს” ევროკავშირის 75 მილიონიანი დახმარების მიღებისაგან, რაც წარმოადგენს ერთმნიშვნელოვან უარს სასამართლო სექტორში განსახორცელებელ რეფორმებზე და საქართველოს ევრო-ატლანტიკური კურსიდან გადახვევის ღია დეკლარირებაა.

პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკავშირი ამ თანხას საქართველოს სესხის სახით აძლევდა, მთავრობამ კი “საგარეო ვალის შემცირება დაიწყო და თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება”. ხსენებული 75 მილიონი ევრო ევროკავშირის მიერ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში სახელმწიფო ფინანსების მართვის გაძლიერების, მმართველობის გაუმჯობესების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ბიზნესგარემოს მხარდაჭერის და მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების მიზნით, დახმარების სახით გამოყოფილი 150 მილიონი ევროს მეორე ნახევარია, რომლის გადმორიცხვაც 2021 წლის ბოლოს უნდა მომხდარიყო. თუმცა ამისათვის საჭიროა საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული დარჩეს და უზრუნველყოს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება, ეს კი თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობას. ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების პირველი ნახევარი საქართველომ 2020 წლის ნოემბერში უკვე მიიღო.

რეფორმების გატარების გარეშე დახმარების დაკარგვის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრემიერ-მინისტრი 23 აგვისტოს, კიევში გამართული არაფორმალური შეხვედრის დროს გააფრთხილა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით “დროა, საქართველომ აჩვენოს თავისი ერთგულება შეთანხმებების მიმართ, განსაკუთრებით, რეფორმებთან დაკავშირებით.”

“ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მმართველი პარტია კიდევ ერთხელ ამბობს უარს ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, და მათ შორის სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე, რითაც მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს, მის საერთაშორისო რეპუტაციას, და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო (TI)

დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)

ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

დემოკრატ მესხთა კავშირი

ლიბერალური აკადემია

ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG)

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PRH)

NEWS

MULTIMEDIA