2022 წლის 28 ივნისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ 2021 წელს იურისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლო უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინეს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მედიასაშუალებების მიერ გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სავარაუდოდ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ. საუბარია დაახლოებით 58 000-მდე ფაილზე, სადაც აღწერილია ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებული ინფორმაცია. გავრცელებულ ფაილებში არსებული ინფორმაციის ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა, მათ შორის, მომჩივნებმაც: დავით ჯანდიერმა, ნატალია ფერაძემ, გიორგი ონიანმა, გიორგი მშვენიერაძემ და გურამ იმნაძემ, დაადასტურეს.
ევროპულ სასამართლოში წინამდებარე საქმის მთავარ მიზანი საქართველოში ფარული მოსმენა-მიყურადების კანონმდებლობის კონვენციურ სტანდარტთან შეუსაბამობის გასაჩივრებაა. აქვე, ხაზგასასმელია, რომ 2021 წლის 01 აგვისტოსა და 13 სექტემბრის ფაქტებზე არაეფექტიანი გამოძიების არსებობა ამ კანონმდებლობისა და პრაქტიკის კიდევ ერთი უარყოფითი მაგალითია, რომელიც, ასევე, საჩივრის ერთ-ერთი სადავო საკითხია. კერძოდ, ამ დრომდე თბილისის პროკურატურას არ მიუნიჭებია პირებისთვის დაზარალებულის სტატუსი, ხოლო, გენერალური პროკურატურა, მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2022 წლის 18 მაისს გავრცელებული ერთობლივი მიმართვისა, ამ დრომდე უმოქმედოა. 2021 წლის სექტემბრიდან 8 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ სავარაუდო სისტემური დანაშაულის გამოძიების, დამნაშავეთა გამოვლენისა და მათი დასჯის ინტერესი სახელმწიფოს არ ამოძრავებს. ნიშანდობლივია, რომ მომჩივანთა მიერ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურასთან გაგზავნილი წერილები უპასუხოდ რჩება, ან მათზე პასუხი იმგვარად არ არის გაცემული, რაც დაზარალებულებს მიმდინარე საგამოძიებო პროცესის პროგრესის შესახებ რაიმე მტკიცებულებას მისცემდა. ხაზგასასმელია, რომ სასამართლო ხელისუფლება ხელს უწყობს პოლიციური სისტემის მიერ ტოტალური მიყურადებას, მათ შორის, იმ გზით, რომ დღემდე არ ანიჭებს შესაბამის პირებს დაზარალებულის სტატუსს, რაც მათ საგამოძიებო პროცესში უფრო ეფექტიანად ჩართვის შესაძლებლობას მისცემდა.
საჩივარში დასმული პრობლემები ევროპარლამენტის 2022 წლის 09 ივნისის რეზოლუციაშიც აისახა, სადაც, პარლამენტი, სხვა მოთხოვნათა შორის, ასევე, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ჩაატაროს ეფექტიანი გამოძიება მოსმენების საქმესთან დაკავშირებით და დანერგოს სათანადო საკანონმდებლო მექანიზმები სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ თვალთვალისა და მონაცემთა შეგროვების პროცესის გაუმჯობესებისთვის.
საჩივრებში დავის საგანს ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშაულების უფლება) დარღვევა წარმოადგენს. ასევე, საჩივრებში მოთხოვნილია, რომ წინამდებარე საქმეს ე.წ. ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი (‘IMPACT CASE’) მიენიჭოს, ხოლო, სასამართლომ დაავალდებულოს სახელმწიფო, სრულად და ჯეროვნად წარუდგინოს საგამოძიებო მასალები.
წინამდებარე საქმის წარმატებული წარმოება მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს ქართულ კანონმდებლობაში და შექმნის ძლიერ გარანტიებს ფარული მოსმენა-მიყურადებისგან დაცვის კუთხით, რაც, ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განმტკიცებას და შეასუსტებს პოლიციურ რეჟიმს, რომელიც უკვე წლებია სწორედ ფარული მოსმენების საშუალებით ყოველდღიურად არღვევს მრავალი ადამიანის უფლებას.