წყარო: კამპანია “ეს შენ გეხება”
02.03.2017
1 მარტს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ფარული საგამოძიებო ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაქვემდებარებული ახალი სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს.
კამპანიის „ეს შენ გეხება” წევრებს მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მიღება არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულვებელყოფის სამწუხარო პრეცედენტი. ცხადია, რომ აღნიშნული რეფორმით არათუ ვერ გვარდება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით ქვეყანაში არსებული პრობლემები, არამედ კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები.
რეფორმის შედეგად:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში შემავალი სააგენტო ფართო უფლებამოსილებებით იქნება აღჭურვილი და ის არამარტო ტექნიკურად განახორციელებს სატელეფონო საუბრების ფარულად მიყურადება-ჩაწერას, არამედ აწარმოებს ფარულ საგამოძიებო და კონტრდაზვერვით საქმიანობასაც. სააგენტო, ამავდროულად ითავსებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის კომპეტენციას როგორც ლიცენზირების, ისე ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიების შემოწმების და მათ მიმართ სავალდებულოდ დასაკმაყოფილებელი ტექნიკური მოთხოვნების წაყენების ნაწილში.
გარდა ამისა, სააგენტოს შეუნარჩუნდა პირდაპირი წვდომა ელექტრონულ კომუნიკაციებზე, ახალი სამსახურის ფართო უფლება-მოვალეობების გათვალისწინებით კი მას კვლავაც ექნება მაქსიმალურად დიდი ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების) დამუშავების ინტერესი. შესაბამისად, სამსახურის მიერ ზემოაღნიშნული ტექნიკური შესაძლებლობა ბოროტად გამოყენების საშიშროება კვლავაც არსებობს.
იქიდან გამომდინარე, რომ 2017 წლის 1 მარტს მიღებული კანონით გათვალისწინებული ცვლილებები ვერანაირად ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, კამპანია „ეს შენ გეხება” გააგრძელებს ამ საკითხზე მუშაობას და შეეცდება გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი მექანიზმი ახალი კანონის შესაცვლელად.