2014 წლის 2 ოქტომბერს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მემორანდუმი ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მიერ „ღია საზოგადოების სამართლებრივ ინიციატივასა” (OSJI) და “იურიდიული დახმარების რეფორმატორთა ქსელთან” (LARN) ერთად შემუშავებული პროექტის – „პოლიციის მიერ დაკავების დროს ეჭვმიტანილის საპროცესო უფლებები” განხორციელებას ისახავს მიზნად.
პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ეჭვმიტანილის უფლებების გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. პროექტი მოიცავს სპეციალურ ინსტრუმენტებს, რათა გამოკვლეულ იქნას, თუ რა ხდება პოლიციის დაწესებულებების ყოველდღიურ პრაქტიკაში. პროექტის ფარგლებში გამოკვლეული იქნება რა ხდება დაკავების პირველ დღეებში და საათებში, რა როლს ასრულებენ ამ დროს ადვოკატები და, პრაქტიკაში რამდენად იყენებენ ეჭვმიტანილები იმ უფლებებს, რაც მათ გააჩნიათ. კვლევა პროცედურული უფლებების განმარტების, დუმილის უფლების, სამედიცინო დახმარების და ადვოკატის ხელმისაწვდომობის დაცვის საკითხებზეა კონცენტრირებული.
კვლევა ფოკუსირებულია სისხლის სამართლის პრაქტიკოსების უშუალო დაკვირვებაზე, როდესაც ისინი ასრულებენ ყოველდღიურ, რუტინულ სამუშაოს. პროექტი ითვალისწინებს 30 დღის განმავლობაში ექსპერტების განთავსებას პოლიციის დაწესებულებებში თბილისში, ქუთაისში და თელავში. კვლევის შემდგომი პერიოდი პოლიციელთა, ადვოკატთა და დაკავებულთა გამოკითხვას დაეთმობა, რათა სხვადასხვა პერსპექტივიდან დავაკვირდეთ და უკეთესად გავიგოთ როგორ ხდება ეჭვმიტანილების უფლებების განხორციელება.
პროექტის მიზანია, ეჭვმიტანილთა უფლებების რეალიზაციის პრაქტიკაზე დაკვირვება და მისი შესწავლა ისევე როგორც შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება პრაქტიკის გაუმჯობესების კუთხით. კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს საუკეთესო პრაქტიკა ამ სფეროში და მოახდინოს იმ შეზღუდვების იდენტიფიცირება, რომლებიც დამახასიათებელია პოლიციისა და ადვოკატთა საქმიანობის ყოველდღიური რუტინისთვის. აღნიშნული გულისხმობს კონკრეტულ უფლებათა განხორციელების ფორმებს, რომლებიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის სფეროში და კონკრეტულ პროცესის მონაწილეთა პროფესიულ კულტურაში.
პროექტის ფარგლებში შემუშავდება საქართველოს პრაქტიკაზე ანგარიში, რომელიც მორგებული იქნება ქართულ აუდიტორიაზე და ორიენტირებული იქნება ეროვნულ რეფორმაზე. ანგარიშში წარმოდგენილი იქნება კვლევის შედეგები და რეკომენდაციები პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. გარდა ამისა, ანგარიში მოიცავს კარგი პრაქტიკისა და რეფორმების მხრივ შედარებით მონაცემებს სხვა ზემოთ ხსენებული ქვეყნების მაგალითზე.
პირველი არხი მემორანდუმის გაფორმების შესახებ:
იმედის სიუჟეტი:
ნახეთ სხვა მედიამასალა.