ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო” ეხმაურება თბილისის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას კანონდარღვევით აეკრძალა სხდომაზე დასწრება.
თბილისის საკრებულოს განცხადება, რომლის თანახმადაც დაიხურა კოლეგიური ორგანოს, საკრებულოს, სხდომა დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მოქალაქეების, მათ შორის, პარლამენტის წევრების საკრებულოს სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა კანონით არის გარანტირებული. ამასთან, კანონმდებლობა განმარტავს საკრებულოს სხდომის დახურვის წესს და ამომწურავად ჩამოთვლის მისი დახურვის საფუძვლებს, რომელშიც არ არის გათვალისწინებული საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დასახელებული “პროვოკაციებისა და არეულობის პრევენცია”. გარდა ამისა, სხდომის დახურვა შესაძლებელია მხოლოდ კოლეგიური ორგანოს და არა თავმჯდომარის ერთპიროვნული გადაწყვეტილების შემთხვევაში. ჩამოთვლილი გარემოებები ქმნის კანონის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების ბათილობის წინაპირობებს.
მიგვაჩნია, რომ თვითმმართველობის განხორციელებაში საზოგადოების მონაწილეობა დემოკრატიული მმართველობის მნიშვნელოვანი ელემენტია, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის გადაწყვეტისას საკრებულო ვალდებულია, იმოქმედოს განსაკუთრებული სიფრთხილით და უზრუნველყოს მოქალაქეთა ფართო მონაწილეობა.
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” დაუშვებლად მიიჩნევს საკრებულოს სხდომის თვითნებურ დახურვას და გამოთქვამს მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო საზოგადოებას კანონდარღვევით მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების პროცესში.