ფონდის ღია საზოგადოება – საქართველო და ღია საზოგადოების ინსტიტუტის 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული განცხადება

07.05.2008

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო”, ითვალისწინებს  რა დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში სამოქალაქო საზოგადოების როლს და  მნიშვნელობას,  21 მაისის საპარლამენტო  არჩევნებისათვის კვლავ განაგრძობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციათა მხარდაჭერას.

აღნიშნული მხარდაჭერით ფონდს სურს გარკვეული წვლილი შეიტანოს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სადამკვირვებლო  საქმიანობის უზრუნველყოფაში და ხელი შეუწყოს გამჭვირვალე,  ანგარიშვალდებული, ღია, არადისკრიმინაციული და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას. არასამთავრობო ორგანიზაციები სხვა სადამკვირვებლო საქმიანობასთან ერთად შეაფასებენ წინასაარჩევნო პროცესებს, არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე დააკვირდებიან კენჭისყრის მიმდინარეობას, გაანალიზებენ და გაავრცელებენ მიუკერძოებელ და სანდო ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისა და შედეგების თაობაზე.

ამისათვის ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” მხარი დაუჭირა ოთხ არასამთავრობო ორგანიზაციას და მათი საქმიანობა 91 241 აშშ დოლარით დააფინანსა. კერძოდ:

·ორგანიზაციას “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა” არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის განხორციელებისათვის თანადაფინანსების სახით გადაეცა 19 925 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი არჩევნების დღეს 400 დამკვირვებლის მუშაობის უზრუნველყოფისათვის.
·”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” თანადაფინანსების სახით გადაეცა გრანტი 25 852 აშშ დოლარის ოდენობით. არჩევნების დღეს ორგანიზაცია მონიტორინგს და ხმების პარალელურ დათვლას აწარმოებს 700 საარჩევნო უბანზე.
·ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 31 914 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი  არჩევნების დღეს გამოვლენილი დარღვევების თაობაზე საჩივრების შედგენისა და საარჩევნო დავების ობიექტურ განხილვის ხელშეწყობისათვის გადაეცა. სხვა დონორებისა და ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” დაფინანსებით ორგანიზაცია სადამკვირველო მისიას განახორციელებს 450 საარჩევნო უბანზე, 36 ოლქსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
·”სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრს 13 550 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა ეთნიური უმცირესობებით დასახლებული ქვემო ქართლის რეგიონის მოსახლეობის საარჩევნო უფლებების თაობაზე ინფორმირებულობის დონის ამაღლებისა და ამ რეგიონში 50 ადგილოლბრივი დამკვირვებლის მომზადებისათვის.

გარდა ამისა, მონიტორინგის და ზოგადად საარჩევნო პროცესების მიუკერძოებლად და დროულად გაშუქების მიზნით ფონდმა “ღია საზოგადოება – საქართველო” “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთან” პარტნიორობით ჩამოაყალიბა მედიაცენტრი, რომელიც მედია საშუალებებით ინტენსიურად გაავრცელებს ინფორმაციას და გააშუქებს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს. მედიაცენტრი მოსახლეობას მოემსახურება ცხელი ხაზით, რომლის საშუალებითაც მოქალაქეებს შესაძლებლობა  მიეცემათ მიიღონ საარჩევნო პროცედურებთან თუ საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ან თავად აცნობონ მედიაცენტრს რაიმე დარღვევის თაობაზე.

ფონდის “ღია საზოგადოება – საქართველო” არჩევნებთან დაკავშირებული საქმიანობის თაობაზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს თამარ ქალდანს. kaldani@csf.ge, ტელ: +995 32 250463