ფონდმა ღია საზოგადოება-საქართველომ 20 წლის იუბილე აღნიშნა

17.11.2014

ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ 15 ნოემბერს 20 წლის საიუბილეო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიება მუზეუმ ‘ქარვასლაში’ გაიმართა. ღონისძიებას ფონდის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ესწრებოდა. 

საიუბილეო მიღებამდე ჯორჯ სოროსი ქვეყნის უმაღლეს პირებს შეხვდა.

საიუბილეო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი,დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი. სტუმრებს და ჯორჯ სოროსს მიესალმა აშშ ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ღონისძიების სტუმრებს ღია საზოგადოების ფონდის სტიპენდიანტის სტატუსით მიმართა და პრაღაში სწავლის პერიოდში ჯორჯ სოროსთან პირველი შეხვედრა გაიხსენა. ჩეხეთში ის ფონდის დაფინანსებით ის 1993-1994 წლებში ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში სწავლობდა.

დავით უსუფაშვილი კი ერთ-ერთი პირველი უფლებადამცველი ორგანიზაციის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე და დამფუძნებელი იყო, რომლის განვითარებაში ფონდს დიდი წვლილი მიუძღვის.

20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ფონდმა ჯორჯ სოროსის ესე (essey) ‘ჩემი ფილანტროპია’ გამოსცა, სადაც იგი საუბრობს მის ბავშვობაზე, ფილატროპიაზე, ღია საზოგადოებაზე, ასევე ინტერესსზე პოლიტიკური პროცესების მიმართ. ნაშრომში იგი ეხება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტაბჭოთა ქვეყნებში განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ვრცლად საუბრობს საქართველოზეც.

ფონდის საიუბილეო ღონისძიებები სექტემბერში, ბათუმის მედიაკონფერენციით დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. დოკუმენტური ფილმების, საინფორმაციო ილუსტრირებული გრაფიკების მეშვეობით ფონდი საქმიანობის 20 წელს შეაჯამებს ადამიანის უფლებების, მედიის განვითარების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, განათლების, კულტურის, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სფეროში.

2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში  14 ნოემბერს, ჯორჯ სოროსი სტუდენტებისთვის ჩაატარა ლექცია თემაზე: “ევროპის მომავალი- მისი შედეგები მსოფლიოსთვის.”

         

უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ფონდის საიუბილეო ღონისძიებისა და სტუდენტებთან შეხვედრის ჩანაწერებს.

ნახეთ ღონისძიების ფოტოები ჩვენი ფეისბუქის გვერდზე.

###

ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” ღია საზოგადოების ფონდების ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომელიც 1994  წელს ნიუ-იორკის “ღია საზოგადოების ინსტიტუტმა” დააფუძნა.ეროვნული ფონდები დღეს ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს.

ფონდი ხელს უწყობს ღია, დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას. 1994- 2014 წლამდე ფონდმა საქართველოში  80 მილიონზე მეტი აშშ დოლარი მოახმარა  ადამიანის უფლებების დაცვას, მედიის თავისუფლებას, ახალგაზრდების განათლებას,  საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, კულტურის სფეროს განვითარებას, საარჩევნო პროცესების სამართლიან გარემოში წარმართვას,

ღია საზოგადოების თეორია, რომელიც ბრიტანელმა  ფილოსოფოსმა კარლ პოპერმა 1940-იან წლებში შეიმუშავა, უპირისპირდება დახურულ საზოგადოებებს და გამორიცხავს ყოველგვარ ავტორიტარიზმს. ღია საზოგადოებაში უმთავრესი ღირებულება ადამიანი და მისი ფუნდამენტური უფლებებია.