17 ოქტომბერს, სასტუმრო “სტამბის” ეზოში ქართველი მხატვრის ნიკო ცეცხლაძის ავტორობით შექმნილი ფოტოპროექტის “თვითიზოლაცია“ გამოფენა გაიხსნა. ეს ფოტოსერია პანდემიის პერიოდში ხელოვანი და სხვა პროფესიის მქონე ადამიანების სიმარტოვის გამოცდილების გაზიარებაა და ის კრიზისულ პერიოდში საკუთარ გარემოსთან ადამიანის დამოკიდებულებას ეხმიანება. შემოქმედი ადამიანისთვის იზოლაცია უჩვეულო მდგომარეობაა, რადგან ის შთაგონებას არა სოციალურ, არამედ პირად სივრცეში ეძებს. სირთულის მიუხედავად, ეს პერიოდი საინტერესო იყო იმ პროფესიის ადამიანებისთვის, რომელთა შემოქმედებითი ცხოვრება სოციუმთან აქტიური ურთიერთგაცვლით საზრდოობს.ამავე დროს, იზოლაცია მანამდე ყურადღების მიღმა დარჩენილი დეტალების აღმოჩენის პროცესში დაგვეხმარა.
საგამოფენო ინსტალაციებისა და კატალოგის შინაარსი ახალ რეალობაში შეუცვლელი ნივთის- “სკამის” ირგვლივ ვითარდება და 600-მდე ადამიანის ოთახში გვეპატიჟება.
„იზოლაციაში“ არის კარანტინის პერიოდში ყოველდღე გადაღებული ფოტოების სერია, რომელიც აღწერს ოთახს, რომელშიც ვიღვიძებდი და ქალაქის პეიზაჟს, რომელიც ჩემი ოთახის ფანჯრიდან მოჩანდა.”- ნიკო ცეცხლაძე
ნახეთ ფოტოკატალოგი.
პროექტის ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.