წარმოდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2017 წლის იანვრიდან ნოემბრამდე.
ავტორი: მანანა ქოჩლაძე; ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას” სახელით. რეცენზენტი: პროფ. ტობიას შუმახერი.
გარემოს საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გარემოსდაცვით საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და გარემოსდაცვითი უფლების აღსრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წელს და ძალაში შევიდა 2016 წლის ზაფხულიდან, ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების მნიშვნელობაზე. 2013-2016 წლებში ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგში ხაზგასმით აღინიშნა გაეროს ევროპული ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის (ორჰუსის კონვენცია1) უზრუნველყოფის აუცილებლობა.
2003/4/EC დირექტივა საზოგადოების გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შესახებ – წარმოადგენს ორჰუსის კონვენციის პირველ პრინციპთან შესაბამისობის უზრუნველყოფის ინსტრუმენტს. ის გულისხმობს გარემოსდაცვითი ინფორმაციის „შეძლებისდაგვარად ფართო სისტემურ ხელმისაწვდომობასა და გავრცელებას”, რომლის მიზანია ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების გამჭვირვალობის გაზრდა, საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობა და კორუფციის რისკების შემცირება გარემოსდაცვითი ინფორმაციის სფეროში. ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველო ვალდებულია 2016 წლის ბოლომდე შეასრულოს აღნიშნული დირექტივა.
2014 წლიდან 2016 წლამდე საქართველოს მთავრობამ გაატარა რიგი ღონისძიებები დირექტივის შესრულების მიზნით, გარემოსდაცვითი ინფორმაციის დეფინიცია საკანონმდებლო ცვლილებით შეიტანა კანონმდებლობაში და, მცირე შეფერხების შემდეგ, დაიწყო გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელების სისტემის ჩამოყალიბება.
მიუხედავად ამისა, საქართველოს კანონმდებლობა ზღუდავს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საზოგადოებისათვის და ეწინააღმდეგება 2003/4/EC დირექტივას. ეს ფაქტორი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახელმწიფო სტრუქტურების შესაძლებლობაზე, საზოგადოებას წარუდგინოს სრულფასოვანი ინფორმაცია გარემოს შესახებ. შედეგად, უკანასკნელ წლებში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მომზადებული ოფიციალური ანგარიშები გარემოს შესახებ ზედაპირულად განიხილავს ინფორმაციას მსხვილი დამბინძურებლების მიერ გამოწვეული ემისიების, დაბინძურების ტიპებისა და ზიანის შესახებ (ძირითადად, ენერგეტიკული და სამთო-მომპოვებელი კომპანიები).
გარემოსდაცვით ინფორმაციაზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა ასევე ზღუდავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მნიშვნელოვან მონაწილეობას ფართომასშტაბიანი განვითარების პროექტების განხორციელებამდე (მაგალითად, გადამცემი ხაზები, გზები, ელექტროენერგეტიკა, ახალი მაღაროები და ა.შ.). შედეგად, მუდმივად მიმდინარეობს დაზარალებული მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით.