მოძრაობა „გავიგუდე“ და ღია საზოგადოების ფონდის დღევანდელი დისკუსიის თემაა გარემოს დაბინძურების გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მოძრაობა „გავიგუდე“ საზოგადოებას გააცნობს სასამართლოში წარდგენილ სარჩელს რუსთავში ჰაერის დაბინძურების გამო მოძრაობის წევრების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით.
სამრეწველო დაბინძურების გამო რუსთავში ყოველდღიურად ირღვევა კონსტიტუციის 29-ე მუხლით მინიჭებული – ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება. შესაბამისად, 130 000 ადამიანი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის სახიფათო გარემოში ცხოვრობს. თუ რუსთავის შემოგარენში მცხოვრებლებსაც გავითვალისწინებთ, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება კიდევ უფრო მეტ ადამიანს აზარალებს.
ქალაქში არსებული საწარმოო ობიექტები არ ასრულებენ ჰაერდაცვით მოთხოვნებს, მათ არა აქვთ ფილტრები/აირმტვერდამჭერი მოწყობილობები და სტანდარტების დაცვით გამართული საწარმოო პროცესი, რაც დაადასტურა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულმა ინსპექტირებებმა.
2021 წელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა იყო ჰაერდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესება.
მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, ქალაქში ჰაერის დაბინძურების მხრივ სიტუაცია, ფაქტობრივად, არ გაუმჯობესებულა. ქალაქ რუსთავის მოსახლეობა რამდენიმე წელია უკვე გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფება ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დისკომფორტის, ჯანმრთელობის პრობლემებისა და იმ სტრესის გამო, რომელიც ამ დაბინძურების მოსალოდნელ, სავალალო შედეგებს უკავშირდება.
მოსარჩელეები რუსთავის მდგომარეობას აღწერენ მსგავსად. ყველასათვის თვალსაჩინოა რუსთავის საწარმოების მილებიდან ამომავალი შავი გამონაბოლქვი, რომელიც ქალაქის თავზე მომწამვლელ ღრუბლებად იკრიბება. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და არაერთი ფოტო მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ რუსთავის ხედი ზემოდან სმოგით არის დაფარული, რომელიც საწარმოო ემისიების შედეგია.
მოსარჩელეებს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ყოველდღიურად არაერთ დისკომფორტს უქმნის. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ქალაქში ცხოვრება ძალიან დაბინძურებული ჰაერის გამო გაუსაძლისია. რუსთავში ტრიალებს გამონაბოლქვი და ნამწვის სუნი, რის გამოც ქალაქში გადაადგილებას და ხშირად განიავების მიზნით ფანჯრების გაღებასაც კი ერიდებიან. ფანჯრების გახსნით სახლი განიავების ნაცვლად უფრო ბინძურდება. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით აუტანელი ხდება ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა მაღალია. გარეთ გაფენილი სარეცხი იჭვარტლება და ნამწვის სუნით იჟღინთება.მოსარჩელეები უჰაერობისგან იტანჯებიან.
მოსარჩელეები აღწერენ მათ ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებულ საზიანო ეფექტს, რომელიც სხვადასხვაგვარად ვლინდება: ჰაერის ჩასუნთქვის დროს გამოწვეული სპაზმი, ალერგიული რეაქციები, სუნთქვის გაძნელება, შფოთვა, მაღალი არტერიული წნევა, სისხლში ჟანგბადის ნაკლებობა, გულთან დაკავშირებული პრობლემები, ნერვიული აშლილობა, რომელიც დაკავშირებულია ჰაერის დაბინძურებასთან. თავის ტკივილი, ყელის წვა, ალერგიული რინიტი, მოდუნება, ცხვირ-ხახის სიმშრალე, ცხვირისა და ყელის ტკივილი.
ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული მავნე შედეგების აღწერისას მოსარჩელეები განსაკუთრებულად გამოყოფენ მენტალურ ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს. ის ფაქტი, რომ მოსარჩელეებმა კარგად იციან და გააზრებული აქვთ ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
ფსიქიატრის მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების საფუძველზე იკვეთება ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებით გამოწვეული სხვადასხვა სახის პრობლემები. კერძოდ ცნობებში ვკითხულობთ, რომ მოსარჩელეებს აღენიშნებათ: ემოციური დაძაბულობა, სტრესი, შფოთვა, გუნება-განწყობის მცირე დაქვეითება, დარდი საკუთარი და ოჯახის წევრების ამჟამინდელ და სამომავლო ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურების ხარისხის მუდმივი მონიტორინგისა და ხშირად დაფიქსირებული ნეგატიური მაჩვენებლებით გამოწვეული განსაკუთრებულ დისტრესი. ცალკეულ შემთხვევაში მოსარჩელეზე ეკოლოგიური მდგომარეობის გავლენით აღინიშნა ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება და მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი. ასევე ცალკეულ შემთხვევაში ძილისა და ადაპტაციის დარღვევები.
მედია ამ თემაზე: