ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმიანება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარე თანამშრომელთა მასშტაბურ გათავისუფლების ფაქტებს, რაც, სავარაუდოდ, დასაქმებულთა კრიტიკული შეხედულებების ან/და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით, საკადრო წმენდას გულისხმობს.
24 მაისს, კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ მუზეუმთა ჯგუფში დასაქმებულ 40-მდე თანამშრომელს 1 ივნისიდან მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება შეატყობინეს. გათავისუფლებულ პირებს შორის 21 ადამიანი ახლად დაფუძნებული მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის წევრები არიან, მათ შორისაა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეც ნიკოლოზ წიქარიძე.
მუზეუმთა თანამშრომლების გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად, ფორმალურად, სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი დასახელდა. რეორგანიზაციის ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის, სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის და მუზეუმთა ჯგუფის (შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეის, სიღნაღის ისტორიულ-ეთნგორაფიული მუზეუმის) თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის პროცესი, ამ მიზნით შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ წარმართა.
პროფესიული კავშირები მიუთითებენ მუზეუმების სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის ხარვეზებზე; მათ შორის, კომისიის შემადგენლობის არაობიექტურობასა და თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის კრიტერიუმების გაუმჭვირვალობაზე, რაც ამ პროცესში, “არასასურველი” კადრების წმენდის მიზნით, თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების ვარაუდს ქმნის.
ხაზგასასმელია, რომ მსგავსი საკადრო წმენდა კულტურის სამინისტროსთვის არახალია. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ სხვადასხვა დაწესებულებებში რეორგანიზაციისა და სისტემური ცვლილებების მოტივით, სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის სხვადასხვა მიზეზებით მიუღებელ თანამშრომელთა საკადრო წმენდის პროცესები მიმდინარობს. Საჯარო მონაცემებით, სხვადასხვა უწყებებიდან, ამ ეტაპისთვის ჯამში გათავისუფლებულია 100-მდე თანამშრომელი. მათგან უმრავლესობა მიუთითებდა რეორგანიზაციის პროცესის გაუმჭვირვალობასა და შეფასებისა და გასაუბრების პროცესის ფორმალურ შინაარსზე. რიგ შემთხვევაში, (მაგალითად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტო), გასაუბრების პროცესებს წარმართავდნენ, არა დარგის პროფესიონალები, არამედ, თანამშრომელთა შეფასებასთან შეუსაბამო, თუმცა ადმინისტრაციის ნდობით აღჭურვილი პირები.
ცალკე აღნიშვნას საჭიროებს, დაშინებისა და მუქარის რიტორიკა, მათ შორის სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ, რომელსაც კულტურის მინისტრი, გათავისუფლებული ან დაქვეითებული თანამშრომლების წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, მათ მიერ სასამართლო დავების წარმოებისა და პროტესტის შესაკავებლად.
სწორედ სამინისტროში მიმდინარე გაუმჭვირვალე და უსამართლო პროცესი გახდა თანამშრომელთა სოლიდარული ორგანიზებისა და მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის შექმნის კატალიზატორი.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები დეტალურად სწავლობენ მუზეუმის სისტემიდან თანამშრომელთა გათავისუფლებისა და რეორგანიზაციის კანონიერების საკითხს და საჭიროების შემთხვევაში, კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმებულ სხვა პირთა შრომითი უფლებების სასამართლო წესით დაცვის პარალელურად, უზრუნველყოფენ მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირს წევრთა სამართლებრივ მხარდაჭერასაც.
ღირსეული შრომის პლატფორმის წევრი ორგანიზაციები: