„ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმაურება ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას და სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს მათ.
გუშინ, ოპერისა და ბალეტის 37 თანამშრომელი 500 ლარიანი ხელფასის ზრდის მოთხოვნით, საგაფიცვო პროცესში ჩაერთო. გამაოგნებელია გაფიცული თანამშრომლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მათი ხელფასის მიზერული ოდენობის შესახებ, რომელიც მზარდი ფასებისა და ინფლაციის პირობებში, 600 ლარს არ აღემატება, ამასთან, გაფიცულთა განცხადებით, შეუქცევადად იზრდება მათი სამუშაო დატვირთვა.
სამწუხაროა, რომ საგაფიცვო პროცესის წინ, სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიაციო პროცესი, რომელმაც ვერ უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულებისთანავე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, ოპერის თეატრის თანამშრომლებმა გამოიყენეს გაფიცვის უფლება, რასაც, „მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის“ განცხადებით, გაფიცვის შესახებ შეტყობინებიდან მოკლე დროში, რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მოჰყვა. გაფიცვის კონსტიტუციური უფლების გამოყენების გამო, თანამშრომლის გათავისუფლება, კიდევ უფრო ამძიმებს ოპერის თეატრის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობას.
ამ ფონზე, მოვუწოდებთ:
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – ყურადღებით მიადევნოს თვალი მიმდინარე პროცესს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება ოპერისა და ბალეტის თეატრის თანამშრომლების ლეგიტიმური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად;
თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ადმინისტრაციას – დაუყოვნებლივ შეასრულოს მშრომელთა ბაზისური მოთხოვნები, გაზარდოს ხელფასი, დაემორჩილოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და სამსახურში აღადგინოს უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები;