ჰააგა სამართლიანობის ძიებაში

15.02.2019

126 000 იძულებით გადაადგილებული პირი, 224 დაღუპული, 2 300-მდე დაჭრილი ან დაშავებული – ასეთია 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგები. ერთი შეხედვით, მშრალი სტატისტიკა ათიათასობით ჩვენი მოქალაქის პირად ტრაგედიას იტევს: მასობრივად ჩადენილი სასტიკი ქმედებების ერთობლიობა, რამაც ცეცხლის ალში გაახვია ათობით სოფელი, სიცოცხლე წაართვა ასობით ადამიანს, საკუთარი სახლი დააკარგვინა ათიათასობით ჩვენს მოქალაქეს, ერთადერთ მიზანს, ქართველების ეთნიკურ წმენდას ემსახურებოდა. თარიღიც პირობითია, თორემ, სინამდვილეში, „5 დღიანი ომი“ 90-იანი წლების ომების დანაშაულისათვის დაუსჯელობის და თითქმის 20-წლიანი უსამართლობის შედეგია, რომელიც დღემდე გრძელდება.

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები საქართველოს მსგავსი, მცირე ზომისა და გავლენის ქვეყნებისთვის, უკანასკნელი იმედია სამართლისა და სამართლიანობის ძიებაში. ჰააგაში მდებარე ორი სასამართლოც ზოგად, საერთო მიზანს – ომის შედეგად გამოწვეული სასტიკი დანაშაულების პრევენციასა და ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობის აღკვეთას ემსახურება. საერთაშორისო სამართლის სასამართლო (ICJ) – სახელმწიფოთაშორის დავას, ხოლო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო(ICC) სახელმწიფოს წარმომადგენელი, მაღალი რანგის თანამდებობის პირების პასუხისმგებლობას განიხილავს. შესაბამისად, მკვეთრად განსხვავდება ამ ორი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი შედეგები. საქართველო-რუსეთის კონფლიქტი, სხვადასხვა დროს, ჰააგის ორივე სასამართლოს განსჯის საგანი გახდა.

 

იმისათვის რომ გავერკვეთ, თუ რამდენად გამოსადეგია ჰააგა სამართლიანობის ძიების პროცესში, აუცილებელია განვიხილოთ თითოეული დავის სამართლებრივი შინაარსი.  ხოლო შემდგომ განვსაზღვროთ მთავარი გამოწვევები და დავსახოთ სამომავლო ხედვა.

 

პროცესი საერთაშორისო სამართლის სასამართლოში 

პირველი, ანუ სახელმწიფოთაშორისი დავა, საქართველომ საერთაშორისო სასამართლოში ჯერ კიდევ მაშინ წარადგინა, როდესაც რუსული ტანკები საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე თამამად გადაადგილდებოდნენ. სარჩელში, საქართველო დეტალურად აღწერდა რუსეთის როლს ქართულ კონფლიქტებში 1990 წლიდან 2008 წლის აგვისტომდე. იგი ადასტურებდა, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ქართველების წინააღმდეგ ეთნიკური წმენდის მიზანმიმართულ პოლიტიკას, თავისივე აგენტების, თავის კონტროლქვეშ მყოფი სეპარატისტების მეშვეობით ახორციელებდა და ამ ქმედებების შეწყვეტის დავალდებულებას ითხოვდა.

სამწუხაროდ, რუსეთმა შეძლო სასამართლოს ყურადღების გადატანა შინაარსობრივიდან დავის ტექნიკურ-სამართლებრივ ნაწილზე და სასამართლომ ვერ იმსჯელა რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკურ წმენდაზე. შედეგად, სამართლიანობის ძიების გზა აქ დროებით, მაგრამ მაინც შეჩერდა.

 

საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ფოკუსში 

საქართველო ჰააგის ფოკუსში მეორედ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით მოხვდა. 2015 წელს, ICC-ის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ, სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და საქართველოში ჩადენილი მძიმე დანაშაულების გამოძიების ნებართვა ითხოვა.

მოთხოვნას წინ უძღოდა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, საქართველოში დაწყებული გამოძიების მრავალწლიანი დაკვირვება და საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაცია. საბოლოოდ, 2015 წელს, იუსტიციის სამინისტროსგან მიღებული წერილის საპასუხოდ, პროკურორმა დაასკვნა, რომ საქართველოში არსებული გამოძიება „ჩიხში შევიდა“.

სასამართლომ პროკურორის ოფისს გამოძიების დაწყების ავტორიზაცია 2016 წელს მისცა. გადაწყდა, რომ პროკურორის ოფისი 2008 წლის 1-ლი ივლისიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში, საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. ასევე, განისაზღვრა კონფლიქტში მონაწილე მხარეები: ქართული, რუსული და ოსური შეიარაღებული ძალები. გამოძიებამ და შემდგომ უკვე სასამართლომ, სამ ძირითად შეკითხვას  უნდა უპასუხოს:

 

  • ჩაიდინეს თუ არა სამხრეთ ოსეთის ან/და რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაული ეთნიკური ქართველების მიმართ, რაც მოიცავს: მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, განზრახ მკვლელობას, საკუთრების განადგურებას და ძარცვას?
  • რამდენად ლეგიტიმური იყო ოსური სამხედრო დაჯგუფებების თავდასხმა ქართულ სამშვიდობო ძალებზე და ასევე, რამდენად მართლდება ქართული სამხედრო ძალების იერიში რუსულ სამშვიდობო ძალებზე?
  • ჩაიდინეს თუ არა სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რაც მოიცავს: ქართველების მკვლელობას, მოსახლეობის იძულებით გადაადგილებასა და დევნას?

 

გამოწვევები და სამომავლო ხედვა

ერთი შეხედვით, ამ კითხვების ნაწილი რთულად საპასუხო არ უნდა იყოს. პროკურორი შუამდგომლობაშივე მიუთითებს, რომ ქართველების წინააღმდეგ ხორციელდებოდა მიზანმიმართული და შეთანხმებული განდევნის პოლიტიკა. თუმცა, სამწუხაროდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვერ განსჯის რუსეთის ფედერაციის ქმედებებს და ვერც ომის წარმოების ლეგიტიმურობას. ერთადერთი, რაც სასამართლომ უნდა დაადგინოს, არის ის, დაარღვია თუ არა რომელმა სამხედრო პირმა ომის წარმოების საერთაშორისო წესები; ვინ გასცა ბრძანება მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშის მიტანის; ან, ვინ განახორციელა მასობრივი მკვლელობები, ძარცვა და მოსახლეობის დევნა?! ჰააგის  წინაშე არსებული გამოძიების უმთავრესი გამოწვევაც, სწორედ ინდივიდუალურად პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში მდგომარეობს.

საქმეს ართულებს კონფლიქტის მთავარი ფიგურანტის, რუსეთის, პოზიციაც. საქართველოსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებისას, რუსეთი  რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა იყოსაწყის ეტაპზე, რუსეთის ფედერაცია,აქტიურად  ეთანამშრომლებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს.  თუმცა, გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, რუსეთმა დემონსტრაციულად უკან გაიწვია ხელმოწერა. აღნიშნული, სამართლებრივად, არაფერს ცვლის, თუმცა, სასამართლოს და საერთაშორისო საზოგადოებას ცალსახა მესიჯს უგზავნის – ჰააგის წესებს რუსეთის ფედერაციისთვის შემბოჭველი ეფექტი ვერ ექნება.

გამოწვევად რჩება, აგრეთვე, საქართველოს სახელმწიფოს პოზიციაც. საქართველოს ხელისუფლებას არ ჰყავს მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ჰააგაში. მაშინ, როცა საქართველოს საქმე ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის სამართლიანობის ძიების იმედია, სახელმწიფო პასიური დამკვირვებლის როლში გვევლინება.

პროცესების ერთადერთი აქტიური მონაწილე, ამ ეტაპზე,  სამოქალაქო საზოგადოებაა. ომის აქტიური ფაზის დასრულებისთანავე, ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, მომზადდა სპეციალური ანგარიში „აგვისტოს ნანგრევებში“. ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსოფლიოს გავაცნოთ ერთად თავმოყრილი ადამიანური ისტორიები, ფაქტები და დოკუმენტური მასალა მასობრივად ჩადენილი სასტიკი ქმედებების შესახებ. სწორედ ამ ანგარიშში თავმოყრილ მტკიცებულებებს ეყრდნობა ყველაზე ხშირად ICC-ის პროკურორი, როდესაც ქართველების წინააღმდეგ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობს.

ფონდის მხარდაჭერით, ასევე, ფუნქციონირებს ქართული არასამთავრობოების კოალიცია, რომელიც აქტიურად არის ჩართული სასამართლოში მიმდინარე პროცესების მონიტორინგში. იგი იცავს ომის მსხვერპლი მოსახლეობის ინტერესებს და რეგულარულად ესწრება ჰააგაში მიმდინარე განხილვებს. კოალიციის აქტიურობამ განაპირობა, საქართველოში ICC-ის წარმომადგენლის ოფისის გახსნა, რომლის მიზანიცაა სასამართლოს შესახებ ზოგადი ინფორმირებულობის გაზრდა.

ჩვენი აქტიურობის შედეგად, სასამართლოს მსხვერპლთა დახმარების მიზნობრივმა ფონდმა (Trust Fund) მიიღო დაზარალებული მოსახლეობის დახმარების გადაწყვეტილება. ეს კი ნიშნავს, რომ ჰააგაში მიმდინარე გამოძიების შედეგების მიუხედავად, აღნიშნული ფონდი ფინანსურ რესურსებს მიმართავს დაზარალებულებისთვის სამედიცინო, ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებაზე, ანუ დაეხმარება მათ მიყენებული ზიანის შემსუბუქებაში.

ჩვენი მცდელობების მიუხედავად, მხოლოდ სამოქალაქო სექტორი ვერ შეძლებს გაუმკლავდეს იმ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ გამოწვევებს, რის წინაშეც დღეს საქართველოს საქმე დგას. პასიურობის შედეგი კი, შესაძლოა, ჰააგის განსასჯელთა სკამზე მაღალი რანგის ქართველი სამხედრო პირის, ან ყოფილი თანამდებობის პირის ხილვა იყოს. პოლიტიკური ანგარიშსწორების ხიბლი, თუ ცდუნება, ნამდვილად ვერ გაამართლებს იმ ფასს, რის გადახდაც მოვლენების ამგვარი ტრაგიკული განვითარების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს. კერძოდ, იგი პირდაპირ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და უდავოდ შეასუსტებს სეპარატისტული რეგიონების არაღიარების პოლიტიკას.

მართალია, ჯერჯერობით, ეს საფრთხეები  თეორიულია, თუმცა, ქართველი პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო განცხადებები ომის დაწყებასთან, თუ „ცხინვალის დაბომბვასთან“ დაკავშირებით, ისევე როგორც, ზოგადად,  სახელმწიფოს არათანმიმდევრული პოლიტიკა, განგაშის საფუძველს ქმნის.

იმისათვის, რომ, 2008 წლის ომი არ დარჩეს მხოლოდ სტატისტიკად, აუცილებელია არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ აკადემიური და პროფესიული წრეების დროული მობილიზება. მნიშვნელოვანია, უნივერსიტეტებმა იზრუნონ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასწავლო პროგრამაში შეტანაზე; აუცილებელია, ჟურნალისტები პერიოდულად აშუქებდნენ ჰააგაში მიმდინარე მოვლენებს და ეს თემა, მხოლოდ პოლიტიკური სპეკულირების ფარგლებში არ აქტიურდებოდეს; ქართველი ადვოკატები უნდა დაინტერესდნენ და განაცხადი გაგზავნონ ჰააგის ადვოკატთა სიაში მოსახვედრად, რათა საჭიროების შემთხვევაში, დავიცვათ ჩვენივე თანამოქალაქეები.

სწორად დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებების ერთობლიობა საშუალებას მოგვცემს, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესები სრულყოფილად დავიცვათ და ამავდროულად, რეალური გავხადოთ ომის მსხვერპლთა მიერ სამართლიანობის ძიება.

***

 

სოფო ასათიანი,  ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორია 2016 წლიდან