იმიტირებული სასამართლო პროცესები სტუდენტებისთვის

22.02.2017

2017 წლის 19 თებერვალს, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო”-ს ორგანიზებითა და მხარდაჭერით გაიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული რაუნდები. ამგვარი ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და მისი მიზანია საერთაშორისო სისხლის სამართლის პოპულარიზება სტუდენტებს შორის.

პროცესში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდები.

მონაწილეები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ წერილობით განაცხადსა და ზეპირ მოხსენებაზე ჰიპოთეტურ საქმეზე, რომელიც ეხებოდა  გარდამავალი ხელისუფლების მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იურისდიქციის ცნობის, გენოციდისა და არასრულწლოვანი მეომრების საკითხებს.

წერილობითი ნაწილისა და ზეპირი რაუნდების შეფასების შემდგომ, უმაღლესი შეფასებით გაიმარჯვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ხოლო მეორე ადგილზე გავიდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ორივე გუნდი 2017 წლის მაისში მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს იმიტირებული პროცესის საერთაშორისო რაუნდებში, რომელიც ჰააგაში გაიმართება.

“მიგვაჩნია, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში საქართველოს საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართლის სტუდენტების დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლით, ამიტომ ფონდი მომავალშიც განაგრძობს იმიტირებული პროცესის მხარდაჭერას.”- აღნიშნავს გიორგი ბურჯანაძე, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი.