ინიციატივა ცვლილებებისთვის

25.04.2018

„ინიციატივა ცვლილებებისათვის“ კვლევითი პროექტია, რომელიც დოკუმენტურად აღწერს საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურასა და გამოცდილებას 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე.

სოფლებში მომუშავე ორგანიზაციები დღეს ერთგვაროვან პრობლემებს აწყდებიან. ინერტულობა, საზოგადოებრივი პროცესების მიმართ მოქალაქეთა განელებული ინტერესი და სხვის იმედად ყოფნა თითქმის ყველა ადგილობრივ თემს ახასიათებს.

კვლევის მიზანი იყო საქართველოს გამოცდილების გაცოცხლება. იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი პრობლემების ანალიზი, შედარება დღეს არსებულ ვითარებასთან და დისკუსიის დაწყება საზოგადოებაში.

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან – 1921 წლამდე, საქართველოს პერიოდული გამოცემების შესწავლისას, გამოიკვეთა იმდროინდელი საზოგადოებისათვის აქტუალური მრავალი თემა, რომელთა შესახებაც მიმდინარეობდა მსჯელობა, მოსახლეობის ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მცდელობა; კვლევის პროცესში ფოკუსი ისეთ საკითხებზე მოხდა, რომლებიც დაკავშირებული იყო ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების სხვადასხვა ფორმასა და მაგალითთან (ადგილობრივი კერძო ინიციატივა, თვითორგანიზება, თვითმმართველობის სასოფლო ფორმები, შრომითი გაერთიანებები და სხვა). შედეგად, მკვლევართა გუნდმა, საარქივო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, დაამუშავა თემის თვითორგანიზების კონკრეტული მაგალითები, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციისა და 70 წლიანი საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესების სტაგნაციის პირობებში დავიწყებას მიეცა. საბჭოთა რეჟიმში აქტიური მოქალაქეების, საკუთარი, ადგილობრივი ინიციატივები დასჯადი იყო. ეს გამოცდილება მეხსიერებიდანაც კი წაიშალა.

პროექტის ფარგლებში გამოცემული პუბლიკაციები:

თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში, საბჭოთა ოკუპაციამდე.

პროექტს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით სათემო განვითარების ცენტრი (ანა მარგველაშვილი) და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია  (ირაკლი ხვადაგიანი) 2015 წლიდან ახორციელებენ.