1-ელი აგვისტოდან უკრაინელი მოქალაქეების სასტუმროებში ცხოვრების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა დასრულდა. ბავშვების, ქალების, პენსიონერების დიდი ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
აქტიური მოქალაქეების დახმარებით, სასტუმროებიდან გამოსახლებულ უკრაინელთა ნაწილი დროებით დაბინავდა. თუმცა, წლის ბოლომდე, ათასობით მოქალაქის საცხოვრისის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არის.
ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები, რიგითი მოქალაქეები უკრაინელი მოქალაქეების დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფის ინიციატივით გამოდიან.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილნი არიან ღია საზოგადოების ფონდიდან ქეთი ხუციშვილი, ნინო ქათამაძე- „ნინო ქათამაძის ფონდის“ სახელით, დმიტრი კორენი – RAZOM.GE-ს სახელით, თეონა ჭკადუა – DOPOMOGA Ukraini-ს სახელით და მოხალისე აქტივისტები.
2 აგვისტოდან, საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებისს აღრიცხვა, საგანგებო ანკეტის მეშვეობით დაიწყო.
ანკეტაში რეგისტრირებული უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველსაყოფად, ღია საზოგადოების ფონდის სახელზე გახსნილია ანგარიშის ნომერი, სადაც შემოწირულობის გაკეთება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია.
ანგარიში ლარში: GE51TB7324636080100018; დოლარში: GE63TB7324636180100012. მიმღები: საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი.
გადარიცხვა Paypal-ით: paypal@csf.ge ან www.Razom.ge-ზე შემოწირულობის მეშვეობით.
უკრაინელების საცხოვრისით უზრუნველყოფის პროცესის მხარდასაჭერად, ღია საზოგადოების ფონდი 150 000 ლარს გამოყოფს, რომელიც მოქალაქეთა შემოწირულობებთან ერთად, გარკვეული პერიოდით უკრაინის მოქალაქეებს დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
“ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე უკრაინის გამარჟვებით დამთავრდება და უკრაინელი ხალხი, ღირსეულად შეძლებს საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას. მანამდე, მათ ეს რთული პერიოდი უნდა გადავატანინოთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, სხვადასხვა სფეროს, ყველას გვაერთიანებს ერთი სურვილი – გამოვიჩინოთ თანადგომა და ჩვენ სტუმრებს ეს უმძიმესი პერიოდი გადავატანინოთ. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, რომ რიგითმა მოქალაქეებმა, თუნდაც უმცირესი შემოწირულობით დაუჭირონ მხარი ამ პროცესს” – აცხადებენ ინიციატივის წევრები
განაცხადი საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც მზად არის, რომ უკრაინელ სტუმრებს, უფასოდ, ან შეღავათიან ფასად დაუთმოს საცხოვრებელი ფართი.
დახმარების მაძიებელი უკრაინის მოქალაქეების რეგისტრაციის ბმული.