ინტელექტუალური საკუთრება და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ადამიანის უფლებათა ჭრილში

11.11.2019

ჯანდაცვის მსოფლიო დეკლარაცია აღიარებს ჯანმრთელობაზე ხელმისაწვდომობას, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებას[1].

აღნიშნული უფლება მოიცავს წამლებზე ხელმისაწვდომობასაც.

იგი წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან ჯანდაცვაზე და ძირითად მედიკამენტებზე[2] ხელმისაწვდომობა. ხოლო ხელმისაწვდომობა, თავის მხრივ, გულისხმობს მედიკამენტებზე როგორც ფინანსური, ისე ფიზიკური წვდომის შესაძლებლობას.

ბევრ ქვეყანაში ჯანმრთელობაზე უფლება აღიარებულია კონსტიტუციის დონეზე. საქართველოს კონსტიტუციის[3] 28 მუხლი, ჯანმრთელობის დაცვის უფლებას განმარტავს როგორც მოქალაქის უფლებას ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე. სახელმწიფოს კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება აკონტროლოს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის ყველა დაწესებულების და სამედიცინო მომსახურების ხარისხი, არეგულიროს ფარმაცევტული წარმოება და ფარმაცევტული საშუალებების მიმოქცევა.

თუმცა, მიუხედავად საერთაშორისო თუ შიდასახელმწიფოებრივ დონეზე უფლების აღიარებისა, ხელმისაწვდომი მედიკამენტები, ბევრი ქვეყნისთვის კვლავაც გამოწვევად რჩება. საქართველოს კონტექსტში პრობლემა განსაკუთრებით საყურადღებოა ონკოლოგიურ მედიკამენტებთან, B ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებთან, ასევე ქვეყნიდან გლობალური ფონდის (GF) ეტაპობრივი გასვლის პირობებში – იმ წამლებთან მიმართებით, რომელთა შესყიდვაც GF მხარდაჭერით ხორციელდება. არსებული პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე კი, გამოწვევას წარმოადგენს საპატენტო ბარიერების მოსალოდნელი მატება.

პატენტების გლობალური გავლენა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის კუთხით შედარებით ახალია და სათავეს 1995 წლიდან იღებს, როცა საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO)[4]. თუმცა პარალელურად, მსოფლიო გამოწვევების საპასუხოდ, შეიქმნა ინსტრუმენტები, რომლებიც ამცირებს ამ ნეგატიურ გავლენას.

მოცემულ ვითარებაში, როგორც ქვეყნის ხელისუფლების, ისე სათემო ორგანიზაციების მხრიდან, განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ საერთაშორისო შეთანხმებებსა და რეგულაციებზე, რომელთა ამოქმედებაც გაზრდის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას და არ დაუშვებს საპატენტო მონოპოლიების დამკვიდრებას ქვეყანაში.

ასეთ რეგულაციებს წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ შეთანხმების (TRIPS) მოქნილი დებულებები[5] და 2001 წლის 14 ნოემბრის დოჰას დეკლარაცია TRIPS შეთანხმებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რომელმაც გაამყარა სახელმწიფოთათვის შესაძლებლობა ხელი შეუწყონ და გაზარდონ ესენციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

TRIPS მოქნილი[6] რეგულაციები მოიცავს იძულებითი ლიცენზირების, პარალეური იმპორტის დაშვების, პატენტოპოზიციების წარდგენის მექანიზმის დამკვიდრების, პატენტუნარიანობის კრიტერიუმების გამკაცრების და მთელ რიგ სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, რომელთა იმპლემენტაციითაც სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა გაზარდოს ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე.

ხოლო დოჰას დეკლარაცია[7],[8] აღიარებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უფლებას მოახდინონ TRIPS–ის ინტერპრეტირება და იმპლემენტაცია იმდაგვარად რომ შეძლონ უზრუნველყონ საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაცვა და კერძოდ ხელი შეუწყონ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ყველასთვის.

სახელმწიფოს მოქალაქეების წინაშე აქვს ვალდებულება გაიაზროს ამ ინსტრუმენტების მნიშვნელობა და მოახდინოს მათი დროული და ეფექტიანი იმპლემენტაცია მასზე დაკისრებული ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურების უზრუნველსაყოფად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად.

შორენა ნაზღაიძე
ღია საზოგადოების ფონდის პროექტის კონსულტანტი.

 

[1] ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკლარაცია 1978, მუხლი 1

[2] Essential medicines

[3] https://matsne.gov.ge/ka/document/view/30346?publication=35

[4] http://frontlineaids.org/wp-content/uploads/2019/09/The-problem-with-patents_pages_web.pdf

[5] TRIPS flexibilities

[6] https://matsne.gov.ge/ka/document/view/2507839?publication=0

[7] https://en.wikipedia.org/wiki/Doha_Declaration

[8] https://www.who.int/medicines/areas/policy/tripshealth.pdf?ua=1