ინტელექტუალური საკუთრება და ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე

19.04.2019

16-19 აპრილს ღია საზოგადოების ფონდმა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობის საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ ტექნიკურ შეხვედრას უმასპინძლა.

შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ იგივე TRIP, საქართველოსთვის ძალაში შევიდა 2000 წლიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ TRIPS რეგულაციები იწვევდა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გლობალურ კრიზისს, 2001 წელს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს დოჰას დეკლარაციას TRIPS შეთანხმებასა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, რითიც საფუძველი ჩაეყარა ე.წ. TRIPS მოქნილ რეგულაციებს. TRIPS მოქნილი რეგულაციები მოწოდებულია ხელი შეუწყოს და გაზარდოს ესენციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა საპატენტო უფლებების გვერდის ავლით.

საქართველოში ჩატარებული შეხვედრის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება TRIPS-ის მოქნილი რეგულაციების შესახებ და მხარდაჭერის მოპოვება ადვოკატირებისა და პოლიტიკის დიალოგის პროცესში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა თემის, ომბუცმენის ოფისის, შესაბამისი სამინისტროებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და ინტელექტუალური საკუთრების ექსპერტები.

მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრაქტიკა: გლობალური და უკრაინული გამოცდილება, ესენციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, გენერიკული და  ბრენდული მედიკამენტების გავლენა ფასებსა და ხელმისაწვდომობაზე, ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელი კანონმდებლობა და ბარიერები და TRIPS–ის მოქნილი რეგულაციები, სამოქალაქო აქტივიზმის  და თემის ჩართულობის მნიშვნელობა და სხვა.