საშემოდგომო ფესტივალი – აქცია იპოდრომზე

21.11.2022

გუშინ, 20 ნოემბერს, „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით გამართულ საშემოდგომო ფესტივალზე, მოძრაობა „მწვანეებმა“ და იპოდრომის გარშემო მაცხოვრებელმა სამეზობლო თემმა აქცია ფესტივალი გამართეს.

 

ღონისძიების ცენტრალური ნაწილი დაეთმო აქტივისტების და სამეზობლოების გამოსვლებს. გამომსვლელები მწვანე სივრცის შემცირების ხარჯზე, მეტი ბეტონისა და დეკორატიული ნაგებობების გამოყენებას აპროტესტებდნენ.ფესტივალის ფარგლებში გაიმართა სპორტული, გამაჯანსაღებელი, ბავშვთა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები. ფესტივალზე სიტყვით გამოვიდნენ თბილისის სხვა უბნის სამეზობლო თემებიც.


დეტალური სარეაბილიტაციო პროექტის არ არსებობისა და საზგადოების პროტესტის სრული იგნორირების პირობებში, თბილისის მერიის გამწვანების სამსახური, მაინც აპირებს იპოდრომის საჯარო, ბუნებრივი სივრცის შემცირებას და მასზე ბეტონის ნაგებობებისა და გაუგებარი მიზნის დეკორატიული ბაღების მშენებლობას; სამეზობლო თემს, მერიის უნებართვო საქმიანობა სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. თუმცა, სასამართლო დავის პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები კი აქტიურ ფაზაში შედის დაყოველდღიურად მეტ ზიანს აყენებს ტერიტორიას.

 

აქციის მთავარი მოთხოვნაა, შეწყდეს ტერიტორიის დაზიანება, გაიხსნას იპოდრომის პარკის განვითარებაზე მსჯელობის პროცესი და საზოგადოების აქტიური ჩართულობით შემუშავდეს მინიმალური ჩარევის გეგმა, რომელიც უცვლელად შეინარჩუნებს იპოდრომის პარკის ბუნებრივ საფარს.