წინამდებარე დოკუმენტში წარმოდგენილია კვლევის ძირითადი მიგნებები და შემაჯამებელი დასკვნები. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იპოდრომის კორტების კულტურული და სოციალური მნიშვნელობის შესწავლა სამეზობლოს წევრებისა და ამავე სივრცით მოსარგებლე მოქალაქეების გამოცდილებების პერსპექტივიდან. კვლევა თვისებრივი მეთოდოლოგიის კონკრეტული მეთოდით, სიღრმისეული ინტერვიუს საშუალებით წარიმართა. სიღრმისეული ინტერვიუებისთვის შემუშავდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუს გზამკვლევი. გზამკვლევმა რესპონდენტებთან საუბრის ლოგიკა და ძირითადი თემები განსაზღვრა და, ამასთანავე, დატოვა შესაძლებლობა რესპონდენტებისგან შესწავლილიყო კვლევის მიზანთან დაკავშირებული ისეთი ასპექტები, რომელიც წინასწარ განსაზღვრული არ ყოფილა. სულ ჩატარდა 5 სიღრმისეული ინტერვიუ სამეზობლოს წარმომადგენლებთან და 6 არაფორმალიზებული, სპონტანურ საუბარს დაქვემდებარებული დისკუსია იპოდრომის კორტების იმ მოსარგებლეებთან, რომლებიც ამ სივრცის სამეზობლო ნაწილს არ წარმოადგენდნენ. საველე სამუშაოები 7-21 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა. კვლევის ძირითადი მიგნებების გაანალიზების შედეგად, შემდეგი თემატური კატეგორიები გამოიყო: (1) საჯარო სივრცეების მნიშვნელობა რესპონდენტებისთვის, (2) იპოდრომის კორტების (მრავალ)ფუნქციურობა სამეზობლოს წევრებისთვის და სივრცით მოსარგებლეებისთვის, (3) მუნიციპალიტეტის როლი საჯარო სივრცეების/ინფრასტრუქტურის განვითარებაში.