კამპანიის ეს შენ გეხება – მოთხოვნები ფარული ჩანაწერების გამოძიების პროცესთან დაკავშირებით

01.04.2016

კამპანია “ეს შენ გეხებას” მონაწილეები უკვე რამდენიმე კვირაა ფარული კადრების გადაღების, შენახვის და გავრცელების ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. 31 მარტს ისევ ჰქონდა ადგილი კადრების გავრცელების მცდელობას, მაგრამ ვიდეოები მალევე აღარ იყო ხელმისაწვდომი ინტერნეტსივრცეში. 1 აპრილს პროკურატურამ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც ბოლო პერიოდში გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერების ფაქტების გამოძიებაზე ისაუბრა. „ეს შენ გეხებამ“ პროკურატურის განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენცია ჩაატარა.

კამპანიის წევრები მიესალმებიან პროკურატურის მიერ საზოგადოების ინფორმირების მცდელობას, ასევე გამოძიების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვის საკითხს, თუმცა მიაჩნიათ, რომ პროკურატურის აქცენტი კადრების გავრცელების მხოლოდ ბოლოდროინდელი ფაქტების გამოძიებაზე არასაკმარისია.

საზოგადოება ელოდება არა მხოლოდ კადრების გავრცელების ფაქტების გამოძიებას, არამედ სისტემური დანაშაულის გამოძიებას- იმ პირთა ვინაობის დადგენას და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ვინც შექმნა უკანონო თვალთვალის სისტემა, იღებდა და ინახავდა პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს. მათი გამოვლენის და დასჯის პრეცედენტი დღემდე არ გვაქვს. უფრო მეტიც, ეს ადამიანები, კვლავ სისტემაში რჩებიან. ეს ადამიანები სისტემაში აღარ უნდა მუშაობდნენ.

პროკურორის გადაყენების მოთხოვნა განპირობებულია წლების განმავლობაში პროკურატურის უმოქმედობით და ასეთი დანაშაულების გამოუძიებლობით. ამ დანაშაულების გამოძიებაზე კი პასუხისმგებელი პირადად პროკურორი ირაკლი შოთაძე იყო.

პრესკონფერენციის ვიდეოჩანაწერი.