კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესაქმნელად

25.02.2015

საერთაშორისო ორგანიზაციები პარლამენტს და მთავრობას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის სპეციალური მოდელის შექმნას სთავაზობენ. კანონპროექტის პრეზენტაცია 25 თებერვალს, სასტუმრო ‘ჰოლიდეი ინში’ გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ უფლებადამცველები, საერთაშორისო დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პარლამენტის და მთავრობის წარმომადგენლები. დამოუკიდებელი მექანიზმის შესახებ საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად საგანგებოდ იყო მოწვეული მანფრედ ნოვაკი, ევროსაბჭოს დაქირავებული საერთაშორისო ექსპერტი. წარმოდგენილი კანონპროექტში მისი რეკომენდაციების ნაწილიც არის გათვალისწინებული.

დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი წამებისა და არადამიანური მოპყრობის პრაქტიკის აუცილებელი პირობაა. ეს რეკომანდაცია ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ანგარიშშიც იყო წარმოდგენილი, რომელიც ნოემბრის თვეში გამოქვეყნდა და რომელმაც გამოავლინა, რომ წლების მანძილზე არაადამიანურ მოპყრობას სისტემური ხასიათი ჰქონდა.

‘კვლევის ჩატარების შემდეგ ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო შექმნილიყო დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რადგან გამოძიების არარსებობა იყო მთავარი პრობლემა, რის გამოც გრძელდებოდა და მასშტაბური გახდა წამების პრაქტიკა. ჩვენს მიერ შეთავაზებული მექანიზმით, უნდა შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც არ უნდა იყოს რომელიმე სამინისტროს ქვეშ, ზედმეტია საუბარი პროკურატურაზე. შეიძლება ეს იყოს კომისარი, რომელსაც პარლამენტი აირჩევს 7 წლის ვადით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სტრუქტურას შეეძლოს არა მხოლოდ გამოძიების დაწყება, არამედ სისხლის სამართლებრივი დევნა. მიმაჩნია, რომ ვინც დღეს დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის წინააღმდეგია, ის არის მომხრე წამებისა’- ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ადამიანის უფლებათა პროგრამის მენეჯერი.

ექსპერტების და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებით, მთავარი დისკუსიის საგანი შეიძლება გახდეს სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭება დამოუკიდებელი საგამოძიებო სტრუქტურისთვის.’ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რის გარშემოც მოგვიწევს პოლემიკის და მსჯელობის გამართვა არის სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილების მინიჭება საგამოძიებო უფლებამოსილებასთან ერთად,’- ამბობს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი.

კანონპროექტის ძირითად პუნქტებზე ისაუბრა ფონდის წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ: ‘მოდელზე ფიქრი დავიწყეთ საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზით. გვაინტერესებდა, როგორ ოპერირებს დამოუკიდებელი სტრუქტურა სხვა ქვეყნებში. გავეცანით სხვადასხვა ტიპის მოდელებს და მიგვაჩნია, რომ საქართველოს შემთხვევაში, ყველაზე ეფექტური მექანიზმი იქნება სრულიად დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც დისტანცირებულია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან და გამოძიებასთან ერთად, შეუძლია განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა.’

დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანია რამდენიმე ამოცანის გააზრება- იურისდიქცია, ანუ პირთა წრე, ვიზეც გავრცელდება გამოძიება, კომისრის არჩევა და  ანგარიშვალდებულება. მნიშვნელოვანია ჯეროვანი ბალანსის დაცვა ანგარიშვალდებულებას და დამოუკიდებლობას შორის.

წარმოდგენილ კანონპროექტში ორი სახის იურისდიქციაა შემოთავაზებული:

ექსკლუზიური იურისდიქცია, რაც გულისხმობს საგამოძიებო და სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციის მინიჭებას იმ შემთხვევაში თუ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, დამცირება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა იმ პირის მიმართ, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ეფექტური კონტროლის ქვეშ, ან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მიუხედავად იმისა ის ახორციელებს თუ არა სამსახურებრივ უფლებამოსილებას და დანაშაულს შედეგად მოყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე, დაზიანება, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა.

მეორე შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სტრუქტურას უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების უფლებამოსილება არის  პირდაპირი იურისდიქცია, როცა არსებობს ინტერესთა კონფლიქტის დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით გამოძიება ვერ იქნება წარმართული ობიექტურად სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფი საგამოძიებო სტრუქტურების მიერ.

გიორგი ბურჯანაძემ დეტალურად ისაუბრა კომისრის არჩევის წესზეც. კანონპროექტის მიხედვით, კომისრის არჩევა უნდა მოხდეს

  • საკანონმდებლო ცენზებით- უნდა იყოს გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა სამართალში გამოცდილება, ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს საგამოძიებო ორგანოს ან პროკურატურის თანამშრომელი, რომ არ შეიქმნას მისი მიუკერძოებლობის ხელყოფის რისკი;
  • შეიქმნას ე.წ. ad hoc კომისია, რომელიც იქნება დაკომპლექტებული სხვადასხვა სექტორების წარმომადგენლებით;
  • კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატი წარედგინოს პარლამენტის თავმჯდომარეს;
  • პირი წარადგინოს პარლამენტის თავმჯდომარემ და არჩევა მოხდეს პარლამენტის მიერ;
  • უფლებამოსილების ვადა უნდა განისაზღვროს 7 წლით.

კანონპროექტის ავტორებმა ანგარიშვალდებულების მექანიზმებზეც ისაუბრეს. კანონპროექტის მიხედვით,  კომისარმა საქართველოს პარლამენტს ანგარიში წელიწადში ორჯერ უნდა წარუდგინოს და ამასთანავე, უნდა უზრუნლველყოს ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება.

კანონპროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, რომელიც მიესალმება მექანიზმის შექმნის იდეას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იდეა მისთვის ახალი არ არის, კანონპროექტი კი უფრო დეტალურ განხილვას და დამუშავებას საჭიროებს.

‘ძალიან საინტერესო იდეის ირგვლივ შევიკრიბეთ დღეს. პროექტის შინაარსს გუშინ გავეცანი, თუმცა იდეა ჩვენთვის არ არის ახალი. ეს გათვალისწინებულია ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სტრატეგიითაც. მზად ვარ, დეტალურად განვიხილოთ კანონრპროექტი’- ამბობს ეკა ბესელია.

ყოფილი სახალხო დამცველის და ორგანიზაციის ‘დემოკრატიული ინიციატივა’ წარმომადგენელის, გიორგი ტუღუშის თქმით დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა  წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2010 წლის ანგარიშშიც იყო გათვალისწინებული.  ‘ყველა ვთანხმდებით, რომ უნდა შეიქმნას ამგვარი მექანიზმი. ეს არ არის ახალი თემა.  ეს რეკომენდაცია მოწოდებულია წამების საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის 2010 წლის ანგარიშშიც’- აღნიშნავს იგი.

ძირითადი მოხსენებები გააკეთეს ალესანდრო სავარისმა, ევროსაბჭოს ოფისიდან და ევა პასტრანამ- ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში. კანონპროექტის გაცნობის შემდეგ დისკუსია გაიმართა.

ღონისძიება ჩატარდა ფონდი ‘ღია საზოგადოება საქართველოს’, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის და ევროსაბჭოს ორგანიზებით.

კანონპროექტი და ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაცია ქართულად და ინგლისურად შეგიძლიათ ნახოთ აქ.