კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საფრთხისშემცველ განმარტებებთან დაკავშირებით

28.04.2017

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილი, მოსამართლეებთან დაკავშირებული თემების გაშუქების განსაკუთრებული რეგულირების თაობაზე, საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისთვის.

კოალიცია ,,მედიის ადვოკატირებისვის“ შეახსენებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, რომ გამოხატვის თავისუფლების ერთ-ერთი გარანტორია მედიის თვითრეგულირების ის სისტემა, რომელსაც ქართული საკანონმდებლო სივრცე ცნობს.

გაკვირვებას იწვევს საბჭოს მიერ 26 აპრილს გავრცელებულ საჯარო განცხადებაში საუბარი თვითრეგულირების არაეფექტურობაზე. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არცერთ წევრს, განცხადებაში მოყვანილ არცერთ ე.წ. ,,გამოხატვის თავისუფლებას გაცდენილ“ მედიაგაშუქებაზე თვითრეგულირების არცერთი ინსტიტუციისთვის – არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის და არც თავად განცხადებაში ხსენებული მაუწყებლების თვითრეგულირების საბჭოებისთვის, დადგენილი წესით არ მიუმართავს. ამასთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითხოვს ისეთი გამონათქვამების რეგულირებას რაც თავისი არსით წარმოადგენს მოსაზრებას და არა ფაქტს (მაგალითად ,,მანქურთი”). აზრი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასამართლოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირისათვის საკუთარი მოსაზრების ამ ფორმით გამოხატვის შესაზღუდად.

კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო განცხადების საფუძველზე რაიმე ტიპის საკანონმდებლო ინიციტივის შემუშავებას, მით უფრო მის მხარდაჭერას.

NEWS

MULTIMEDIA