,,კოალიცია თანასწორობისათვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, იმოქმედოს პარლამენტის წევრისათვის დადგენილი ეთიკის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად და შეწყვიტოს დაუსაბუთებელი თავდასხმები ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისა თუ ცალკეული აქტივისტების მიმართ.
ბოლო მსგავს შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2019 წლის 4 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ,,ბავშვის უფლებათა კოდექსის“ კანონპროექტის განხილვის მიზნით გამართულ შეხვედრაზე. შეხვედრის მიმდინარეობისას, სოფიო კილაძემ ,,კოალიცია თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციის – ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართა შემდეგი ფრაზებით: ,,ჩემამდე მოვიდა შესაბამისი ხმები, რომ თქვენ პირდაპირ გქონდათ, თქვენ და ანა არგანაშვილს, დავალებული, რომ ამ ბავშვის კოდექსთან დაკავშირებით დესტრუქციული როლი გეთამაშათ, გამოსულიყავით მედიასაშუალებებში, გეყვირათ, რომ ქვეყანა იქცევა…“ ,,კარგი იქნება, თუ პარლამენტარების პიროვნულ შეურაცხყოფებს ფეისბუქზე თავს დაანებებთ, თქვენ და ანა არგანაშვილი…“ ასევე, სოფიო კილაძემ ანა აბაშიძეს არ მისცა შესაძლებლობა, პასუხი გაეცა გამოთქმულ ბრალდებაზე – ,,ანგაჟირებული, დავალებული ადამიანისგან არაფერს არ ვიღებ. თქვენ ხართ ანგაჟირებული ადამიანი და თქვენგან არაფერს არ ვიღებ და არც მოგისმენთ რა“.
აღსანიშნავია, რომ სოფიო კილაძე არაერთი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას თუ კომიტეტის სხდომებზე იყენებს ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო გამონათქვამებს და მისი მოქმედებით აჩვენებს აშკარა მიუღებლობას განსხვავებული მოსაზრებებისა თუ კრიტიკის მიმართ. [1]
,,კოალიცია თანასწორობისათვის“ სოფიო კილაძეს შეახსენებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სტატუსი მას ავალდებულებს, საჯარო პოზიციონირებისას აჩვენოს ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემა და ხელი შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა საკანონმდებლო პროცესებში ჩართვას. საკანონმდებლო პროცესში ჩართულობის შემადგენელი ნაწილია საკითხით დაინტერესებული პირებისათვის მოსაზრებების დაფიქსირების მიცემის შესაძლებლობა. კრიტიკული და განსხვავებული მოსაზრებები კი არ შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის თუ ცალკეული აქტივისტის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. მით უფრო, რომ საჯარო პირებს კრიტიკის თმენის ვალდებულება აქვთ და ეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპი და მოთხოვნაა.
საკანონმდებლო პროცესებში საზოგადოებრივი ჯგუფების დემოკრატიული მონაწილეობა მოითხოვს პარლამენტის ხელმძღვანელი პირების მხრიდან კარგად ორგანიზებული, მონაწილეობითი, სამართლიანი და ეთიკური სადისკუსიო პლატფორმების შექმნას, რომელიც ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის იდეაზე დგას. სამწუხაროდ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე არათუ ამგვარი პლატფორმის შექმნას ვერ ახერხებს, არამედ თავად ხდება არაეთიკური მიმართვების, ავტორიტარული მიდგომებისა და ადამიანის უფლებების ხედვებს აცდენილი განცხადებების ავტორი, რაც მის მაღალ და საზოგადოებრივად მნიშვნელოვან სტატუსს არსებითად არ შეესაბამება. სწორედ ამიტომ, ,,კოალიცია თანასწორობისთვის” მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და მმართველ პოლიტიკურ გუნდს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს. სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ მმართველი გუნდი არსებითად იზიარებს მისი განცხადებების და მიდგომების სულისკვეთებას, და ამდენად, ასევე ატარებს პოლიტიკურ ტვირთს სოფიო კილაძის განცხადებების გამო. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ჯგუფები წარსულშიც აყენებდნენ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს ადამიანის უფლებების იდეებთან მისი შეუსაბამო განცხადებების და ხედვების გამო, თუმცა, ამ მიმართვას ქართული ოცნების მხრიდან რაიმე რეაგირება არ მოჰყოლია.
სამწუხაროდ, პარლამენტში ამ დრომდე არ მოქმედებს მექანიზმი, რომელიც მსგავს არაეთიკურ შემთხვევებზე საზოგადოებრივ ჯგუფებს ქმედითი რეაგირების მოთხოვნის შესაძლებლობას მისცემდა.
***
კოალიცია თანასწორობისთვის
„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიციის წევრები არიან: ღია საზოგადოების საქართველოს ფონდი, „ადამიანის უფლებათა სწავლებისა დამონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”,“პარტნიორობა ადამიანისუფლებებისთვის (PHR)”,“საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის დამრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).”