11 მაისი, 2017
„კოალიცია თანასწორობისთვის” წევრი ორგანიზაციები საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტის 30-ე მუხლს ეხმაურებიან, რომელიც ქორწინების ახალ სამართლებრივ დეფინიციას განსაზღვრავს და უფლების შინაარს ზღუდავს. საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ ცვლილებათა პაკეტში კონსტიტუციის 36-ე მუხლი, რომელიც ქორწინებას მეუღლეთა თანასწორუფლებიანობასა და ნებაყოფლობაზე აფუძნებს და მეუღლეთა სქესის შესახებ ექსპლიციტურ მითითებას არ შეიცავს, იცვლება შემდეგი ახალი ჩანაწერით: „ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა თანასწორობასა და ნებაყოფლობას“ (მუხლი 30. ქორწინების უფლება).
„კოალიცია თანასწორობისთვის” ამ ჩანაწერს გაუმართლებლად მიიჩნევს და ვენეციის კომისიას საკუთარ ანალიზს და არგუმენტებს უგზავნის. მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს კოალიციის წევრი 8 ორგანიზაცია, აღნიშნულია, რომ „კოალიცია თანასწორობისთვის” მიესალმება ცვლილებათა პაკეტში გათვალისწინებულ ზოგიერთ პოზიტიურ ცვლილებას, თუმცა აქვე შეშფოთებას გამოხატავს ადამიანის უფლებების შემზღუდავი ჩანაწერების გამო, რომელიც აურესებს ცალკეული ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას და ზღუდავს ცალკეული უფლებ(ებ)ის შინაარსსა და ფარგლებს.
ვენეციის კომისიისადმი მიმართვაში მიმოხილულია საქართველოში არსებული საკანონმდებლო ნორმები, რომელიც ქორწინების ცნებას განსაზღვრავს; ამ მხრივ არსებული რეალობა და შედეგები, რომელიც საკანონმდებლო ხარვეზებს ახლავს თან; ასევე პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც კოალიციის წევრი ორგანიზაციების აზრით, ქვეყანაში ჰომოფობიურ განწყობებს აღვივებს და უმცირესობის წარმომადგენელთა დისკრიმინაციას უწყობს ხელს. „კოალიცია თანასწორობისთვის” წევრები თვლიან, რომ კონკრეტული ჯგუფის უფლებების პოლიტიკური მიზნებისთვის ინსტრუმენტალიზება სახიფათო პროცესია და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მცდელობა კი არსებითად აფერხებს დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და ადამიანის უფლებების დაცვისა და მარგინალიზებული ჯგუფების ემანსიპაციის პროცესს.
კოალიციის წევრები აღნიშნულ ცვლილებათა პროექტს, რომელიც კონსტიტუციაში ქორწინების არაშეზღუდული დეფინიციის გაუქმებასა და დავიწროებას ისახავს მიზნად, აფასებენ როგორც კონსტიტუციური სტანდარტებისა და ლგბტქი ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესების მცდელობას. „მაშინ, როდესაც დემოკრატიული სახელმწიფოები წინ მიიწევენ ლგბტქი წყვილთა პარტნიორული ურთიერთობის სამართლებრივი აღიარებისა და სოციალური მიმღებლობის განვითარებისკენ, საქართველოს მხრიდან აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, ემსახურება დამატებითი შეზღუდვების, აკრძალვებისა და დისკრიმინაციის გამყარებას ლგბტქი ადამიანთა მიმართ”, ნათქვამია კოალიციის მიმართვაში.
„კოალიცია თანასწორობისთვის” მიმართავს ვენეციის კომისიას მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას და საკონსტიტუციო კომისიას არ დაუშვან კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის დავიწროება და პროექტში გათვალისწინებული ცვლილების განხორციელება ადამიანის უფლებების ფუნდამენტური ღირებულებების საპიროსპიროდ.
„კოალიცია თანასწორობისთვის” საქართველოში დაფუძნებულ ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წლიდან სისტემურად ახორციელებს ანტი–დისკრიმინაციული კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგსა და სახელმწიფოს მიერ თანასწორობის ფუნდამენტური პრინციპის შესრულებაზე ზედამხედველობას.
ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო”;
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
კონსტიტუციის 42–ე მუხლი (Article 42).