16 ივლისი 2015
ამა წლის 7 ივლისს გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარი დასკვნა „პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით. აღნიშნული დასკვნის გამოქვეყნებამდე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული და მთავრობის მიერ მოწონებული საქართველოს პროკურატურის სისტემის რეფორმირების კანონპროექტი შეფასდა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ. ასევე, კოალიციას შესაძლებლობა ჰქონდა, პროკურატურის რეფორმასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიისათვის ვრცელი დასკვნა წარედგინა.
ვენეციის კომისიის, ევროპელი პროკურორების საკონსულტაციო საბჭოს (CCPE) და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ დასკვნაში (შემდგომში: წინასწარი დასკვნა) აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ დაწყებული პროკურატურის რეფორმა სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა, ხაზგასმულია, რომ შემოთავაზებული რეფორმა ჯერ-ჯერობით სრულად ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზნის მიღწევას, მოხდეს პროკურატურის სისტემის სრული დეპოლიტიზება. წინასწარ დასკვნაში მოცემულია რეკომენდაციები, რომლებიც დიდწილად ემთხვევა კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მომზადებულ დასკვნას და კოალიციაში შემავალი ორგანიზაციების შეფასებებს, რომ პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისთვის შემოთავაზებული რეფორმა არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას.
გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ წინასწარ დასკვნაში მოცემულ ძირითად შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია პროკურატურის სისტემაში რეალური რეფორმის გასატარებლად:
1. მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცედურა არ არის დაბალანსებული ლეგიტიმურობისა და აპოლიტიკურობის თვალსაზრისით და პოლიტიკური ელემენტი დანიშვნის პროცესში კვლავ პრევალირებს. შესაბამისად, მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესზე პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის გავლენა უნდა შემცირდეს;
2. იუსტიციის მინისტრის დისკრეციული უფლებამოსილება, წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორის კანდიდატურა, უნდა დაბალანსდეს. ერთი მხრივ, მთავარი პროკურორის კანდიდატურისათვის აუცილებელი პროფესიული და გამოცდილების მოთხოვნები უნდა დაწესდეს, ხოლო მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრს უნდა დაუწესდეს ვალდებულება, წარუდგინოს საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორის არა ერთი, არამედ რამდენიმე კანდიდატურა და შემდეგ საპროკურორო საბჭომ წარდგენილ კანდიდატთაგან ერთ-ერთი შეარჩიოს;
3. წინასწარი დასკვნა ხაზს უსვამს საპროკურორო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და დადებით მხარეებს, თუმცა, ასევე ყურადღებას ამახვილებს საპროკურორო საბჭოს შემოთავაზებული მოდელის ნაკლოვანებებზე. საკითხი შეეხება საპროკურორო საბჭოს დამოუკიდებლობასა და შექმნის წესს. კერძოდ:
4. წინასწარ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი მთავარი პროკურორის თანამდებობიდან განთავისუფლების პროცედურის ბუნდოვანი მხარეები და რეკომენდებულია აღნიშნული პროცესის დახვეწა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას მთავარი პროკურორის რეალური ანგარიშვალდებულება.
5. წინასწარი დასკვნის თანახმად, კანონპროექტი საკმარისი სიცხადით არ კრძალავს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ინდივიდუალური სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების საკითხებში ჩარევას და, შესაბამისად, საჭიროა დაიხვეწოს.
ვფიქრობთ, წინასწარ დასკვნაში გამოთქმული შენიშვნების გააზრებას და რეკომენდაციების გათვალისწინებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება საქართველოში პროკურატურის სისტემის დეპოლიტიზებისა და მისი სათანადო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის, ისევე, როგორც პროკურატურის სისტემაში დაწყებული რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება გაითვალისწინებს როგორც ვენეციის კომისიის ღირებულ რეკომენდაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნებსა და წინადადებებს პროკურატურის სისტემაში რეალური რეფორმის განხორციელების თაობაზე.
კოალიციის წევრები:
კონსტიტუციის 42-ე მუხლიმრავალეროვანი საქართველო
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის
ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი
ლიბერალი
კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
კავშირი “21-ე საუკუნე”
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
დემოკრატ მესხთა კავშირი
თავისუფლების ინსტიტუტი
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
საქართველოს გაეროს ასოციაცია
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
დემოკრატიის ინსტიტუტი
ამერიკის სავაჭრო პალატა
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი
თბილისის მედია კლუბი
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი
სამოქალაქო ჩართულობის ინსტიტუტი
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
საქართველოს ევროპული არჩევანი
ლიბერალური აკადემია თბილისი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის