კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლსაჯულებისათვის ღია საზოგადოების ფონდის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტს მიმართა. განცხადება უზანაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს და მასთან დაკავშირებულ პროცესს ეხება.
კოალიცია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, ყოველგვარი პროცედურის გარეშე და ისეთი კანდიდატების ნომინირების გამო, რომელთა უმეტესობა უკანონო და უსამართლო მართლმსაჯულების განხორციელებასთან ასოცირდება საზოგადოებაში. აშკარაა, რომ დასახელებული კანდიდატების პარლამენტის მიერ არჩევა გამოიწვევს სასამართლო სისტემაში კლანური მმართველობის გაძლიერებას და მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელს გახდის სასამართლოს დამოუკიდებლობის მიღწევას.
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომლებიც ახლადარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დეპოლიტიზირებას და მის პროფესიულ, დამსახურების პრინციპზე დაფუძნებულ პროცესად გარდაქმნას. კონსტიტუციის ეს განზრახვა არ იქნა ასახული ,,საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში და ამ დროისთვის არ არის დადგენილი მკაფიო პროცედურა ან კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც საბჭომ უნდა მოახდინოს კანდიდატების ნომინირება. ასეთ ვითარებაში, იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაელოდა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას და დახურულ კარს მიღმა, რამდენიმე მოსამართლის მიერ მომზადებული კანდიდატთა სია, წარუდგინა პარლამენტს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატების ნომინირებისას არ იყო დაცული კონსტიტუციის მიზნები და მინიმალური პროცედურული სტანდარტებიც კი. კერძოდ:
საყურადღებოა კანდიდატების ვინაობა, რომელთა ნომინირებაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოახდინა. ათი კანდიდატიდან შვიდი გამოირჩევა იმით, რომ წლების განმავლობაში იკავებდნენ ან ამჟამად უკავიათ მნიშვნელოვანი პოზიციები სასამართლო ხელისუფლებაში, მართავენ სასამართლო სისტემას და აქვთ გავლენა ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე, რაც სასამართლოს ხელისუფლების მართვასთან დაკავშირებით მიიღება. მიხეილ ჩინჩალაძის, გიორგი მიქაუტაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილის, გიორგი ტყავაძის, პაატა სილაგაძის სახელები წლებია უკავშირდება კლანურ მმართველობას და კორპორატიზმს სასამართლო სისტემაში. მათგან საბჭოს ორი მოქმედი წევრის, გიორგი მიქაუტაძის და დიმიტრი გვრიტიშვილის კანდიდატურების დასახელება ცხადჰყოფს, რომ საბჭოს წევრები საკუთარ თანამდებობებს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.
გარდა აღნიშნულისა, დასახელებულ კანდიდატებს შორის არიან მოსამართლეები, რომელთა მიერ ცალკეულ საქმეებზე წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები მკაცრად არის გაკრიტიკებული სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშებში. ასეთ ვითარებაში, კანდიდატების დასახელება მოხდა ისე, რომ არცერთი პრობლემა, რაც დასახელებული კანდიდატების ბიოგრაფიებთან დაკავშირებით არსებობს, არ არის შესწავლილი და პასუხგაცემული.
სასამართლო ხელისუფლებაში არსებული მძიმე ვითარების, კლანური მმართველობის კიდევ უფრო გაძლიერების და საბოლოოდ დაკანონების თავიდან აცილების ერთადერთი რეალური ბერკეტი საქართველოს პარლამენტის და მმართველი პოლიტიკური ძალის უმრავლესობის ხელშია. 26 დეკემბერს, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების პროტესტის და „ქართული ოცნების“ ცალკეული წევრების უარყოფითი შეფასებების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესების გადაწყვეტილებას მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს და საკითხს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე დაუბრუნდება.
მისასალმებელია, რომ მმართველმა ხელისუფლებამ გადაიფიქრა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა, თუმცა, ეს არ არის საკმარისი. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა უარი თქვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არსებული სიის განხილვაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:
ასევე, კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას, უმოკლეს ვადებში გამართონ შეხვედრა კოალიციის წევრ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, სადაც განხილული იქნება კოალიციის წინადადებები უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების საკითხებთან დაკავშირებით, განისაზღვრება კონკრეტული სამუშაო განრიგი.