კოალიციის შეფასება მოწმეთა დაკითხვის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით

02.12.2015

2015 წლის 31 ოქტომბერს, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იუსტიციის სამინისტრომ მოწმის დაკითხვის წესთან დაკავშირებით განახლებული კანონპროექტი წარმოადგინა. კოალიციას მიაჩნია, რომ განახლებული რედაქცია შეიცავს სიახლეებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს დაცვის მხარის სამართლებრივ მდგომარეობას და ზოგადად, საფრთხის შემცველია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებისათვის. სამწუხაროდ, მასში უცვლელადაა წარმოდგენილი ის პრობლემური ჩანაწერები, რომლებზეც, კანონპროექტზე მუშაობის წინა ეტაპზე, სამოქალაქო სექტორის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასებები გაკეთდა.

შემოთავაზებული ხედვა სრულად არ პასუხობს მოწმის დაკითხვის წესებთან დაკავშირებულ პრობლემებს და ამავდროულად, შემოაქვს საქართველოში მოქმედი საპროცესო სისტემისთვის პრინციპულად შეუთავსებელი ელემენტები, რომლებიც მომავალში არაერთ მნიშვნელოვან სამართლებრივ და პრაქტიკულ პრობლემებას შექმნის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ცალსახა პოლიტიკური ნება, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არსებული ჩანაწერი, რომელიც წლებია გადავადებულია არ ამოქმედდება. კოალიციისთვის განსაკუთრებით სამწუხაროა მთავრობის წარმომადგენელთა იმგვარი რიტორიკა, რომლითაც მათ დამსწრე საზოგადოება დააყენეს ერთგვარი არჩევანის წინაშე – ან 1998 წელს მიღებული და დღეს მოქმედი პრობლემური დაკითხვის წესები ან იუსტიციის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ასევე ხარვეზიანი კანონპროექტი.

კოალიციას ამ დრომდეც არაერთხელ დაუფიქსირებია საკუთარი პოზიცია, რომლითაც ის მხარს უჭერს მოწმის დაკითხვის იმ მოდელის ამოქმედებას, რომელიც ბოლო წლებია გადავადებულია. სამწუხაროდ, არც ერთ ეტაპზე, ხელისუფლებას არ წარმოუდგენია სარწმუნო მტკიცებულებები, რომელიც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ ამ მოდელის ამოქმედება მართლმსაჯულების სისტემის კოლაფსს გამოიწვევს. ამდენად, კოალიციას სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია მთავრობის ასეთი ხისტი და უალტერნატივო პოზიცია.

კანონპროექტის შინაარსი

კანონპროექტით გათვალისწინებულია მოწმის მიერ ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, მისი იძულების წესით მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის შესაძლებლობა. ეს უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ბრალდების მხარეს და მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად მან უნდა დაასაბუთოს, რომ პირი ფლობს საქმის გარემოებებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. მოსამართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში აკმაყოფილებს ბრალდების მხარის შუამდგომლობას, თუკი სახეზეა შესაბამისი მტკიცებითი სტანდარტი – საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დასაკითხი პირი მართლაც ფლობს სისხლის სამართლის საქმის გარემოებებზე საჭირო ინფორმაციას.

კანონპროექტში ასევე განმარტებულია ზემოაღნიშნული მტკიცებულებითი სტანდარტი და ის სახეზე გვაქვს მაშინ, თუკი არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი (მუხლი 3, ნაწილი 101). განმარტებიდან იკვეთება, რომ ახალი სტანდარტი არის ჩვეულებრივი საგამოძიებო მოქმედებებისთვის განსაზღვრული დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტზე დაბალი მტკიცებულებითი ხარისხის მატარებელი და ის სახეზეა მაშინაც კი, თუკი არსებობს ერთი კონკრეტული ფაქტი, ან ინფორმაცია, და არა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.

ზემოაღნიშნული პროცედურით მაგისტრატ მოსამართლესთან წარმოებულ მოწმის დაკითხვას არ ესწრება დაცვის მხარე, თუმცა მას შეუძლია წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ, თუ მიიჩნევს, რომ მოწმე დაიკითხა კანონის არსებითი დარღვევით. (მუხლი 114, ნაწილი 13). ამავდროულად, კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაძლებლობას, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხული მოწმის არსებით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდეს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯარო წაკითხვა, თუმცა დაუშვებელია, მხოლოდ ამგვარ მტკიცებულებას დაემყაროს სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი.

ახალი წესების განსაზღვრის აუცილებლობა

წარმოდგენილი კანონპროექტი რამდენიმე მიმართულებით არის ხარვეზიანი და მისი მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვანი პრობლემები წარმოიქმნება მართლმსაჯულებაში. თუმცა, კანონპროექტის შინაარსზე და მის ხარვეზებზე მსჯელობის დაწყებამდე, აუცილებელია აღინიშნოს, რომ მიუსმა ავტორებმა ამ დრომდე ვერ დაასაბუთეს საკმარისად ახალი რეგულირებების საჭიროება. უფრო სწორად, მათ არ განუმარტავთ, რატომ არის საპროცესო კოდექსის დღეს არსებული ჩანაწერი, რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, სამართალდამცავების ეფექტურობისთვის საფრთხის შემცველი და რატომ გამოიწვევს ამ ნორმების ამოქმედება მართლმსაჯულების კოლაფსს.

აღსანიშნავია, რომ საპროცესო კოდექსში დღეს არსებული ნორმები იძლევა შესაძლებლობას, ბრალდების მხარემ დაკითხოს მოწმე მაგისტრატ მოსამართლესთან, თუკი ის დაასაბუთებს, რომ სხვაგვარად შეუძლებელია გამოძიებისთვის შემდგომი მსვლელობის მიცემა და საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას შესაძლოა საფრთხე შეექმნას (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტი). დღეს არსებული ჩანაწერით ასევე შესაძლებელია, გამოძიების ეტაპზე მოწმის დაკითხვას არ დაესწროს მეორე მხარე, თუკი ამით საფრთხე ექმნება მოწმის უსაფრთხოებას, ან ზოგადად მართლმსაჯულების ინტერესებს (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მეოთხე ნაწილი).

აღნიშნული ორი მექანიზმი საკმარისად უზრუნველყოფს გამოძიების ინტერესებს და აზღვევს სამართალდამცავ სისტემას კოლაფსისგან, ვინაიდან თუკი საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულება, ან მათი მოპოვებისთვის აუცილებელია არაგონივრული ძალისხმევა, სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოწმის წინასწარ დაკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე (მათ შორის, მეორე მხარის დაუსწრებლად). ამდენად გაურკვეველია, რა კონკრეტული ხარვეზები აქვს აღნიშნულ მექანიზმებს და რატომ  არის საჭირო სისტემურად ახალი რეგულირების შემოტანა, რომლითაც დაცვის მხარეს მნიშვნელოვნად ეზღუდება დაკითხვაზე დასწრების უფლება და შემდგომში მისი სანდოობის ეჭვქვეშ დაყენება.

ნებაყოფლობითი გამოკითხვის როლის უგულებელყოფა

შემოთავაზებული ვერსია მოწმის გამოძიების ეტაპზე სავალდებულო წესით დაკითხვის ზოგად წესად ქცევის რეალურ შესაძლებლობას ქმნის. კანონპროექტი არსებითად უგულვებელყოფს მოწმეებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობისა და მათი დათანხმების აუცილებლობას/საჭიროებას. ამ პირობებში, გამოკითხვის (ნებაყოფლობითი პროცესი) პროცედურა არაეფექტური და ნომინალური ხდება, რაც მთლიანად ამ ტიპის საგამოძიებო მოქმედების საჭიროებას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

დაკითხვის სავალდებულო ბუნების შენარჩუნება ხელს უშლის მოქალაქეებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რადგან მოწმის ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მათ მარტივი წესით შეუძლიათ იძულებითი მექანიზმის გამოყენება. ამდენად, საგამოძიებო ორგანოებს არ ექნებათ პროფესიული ინტერესი იმუშაონ საკუთარი პროფესიული უნარების, საზოგადოებასთან კომუნიკაციის და ნდობის მოპოვების ხარისხის ამაღლებაზე.

შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევა

მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვის უფლებამოსილების მხოლოდ ბრალდების მხარისთვის მინიჭებით მნიშვნელოვნად ილახება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. თავისთავად, შეჯიბრებითობის პრინციპი არ გულისხმობს მხოლოდ საქმის სასამართლოში არსებითად განხილვისას მხარეთა თანასწორობას, არამედ მთლიანად სისხლის სამართალწარმოებისას მათი თანაბარი სამართლებრივი ბერკეტებით აღჭურვას. ცხადია, აღნიშნული პრინციპი არც იმას გულისხმობს, რომ ბრალდების და დაცვის მხარეებს იდენტური სამართლებრივი ინსტრუმენტები ჰქონდეთ, მაგრამ მათი სხვადასხვა უფლებრივი პრივილეგია დაბალანსებული უნდა იყოს მთლიანობაში პროცესის მსვლელობისას.

დამატებით, შემოთავაზებული კანონპროექტით დაცვის მხარე არ ესწრება მოწმის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვას, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარე ვერ ამოწმებს მოწმის სანდოობას. მართალია, საქმის არსებით განხილვაზე დაცვის მხარეს შეუძლია ჯვარედინი წესით დაკითხოს მოწმე და ამგვარად მოახდინოს იმ ზარალის კომპენსირება, რაც მოწმის გამოძიების ეტაპზე დაკითხვაში მონაწილეობის მიუღებლობით მიადგა, მაგრამ დაცვის მხარის აღნიშნული უფლება ატარებს ილუზორულ და ფორმალურ ხასიათს. ის რეალურად ვერ უზრუნველყოფს მოწმის სანდოობის შემოწმებას, რაც აზარალებს მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობას.

პირველ რიგში, როგორც უკვე აღინიშნა, კანონმდებლობა უშვებს შესაძლებლობას, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხული მოწმის არსებით სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მოხდეს მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯარო წაკითხვა (მუხლი 243, ნაწილი 1). შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია განაჩენის გამოტანისას დაეყრდნოს თუნდაც ისეთ ჩვენებას, რომლის მიღებისას დაცვის მხარეს არ უწარმოებია ჯვარედინი დაკითხვა (კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მოსამართლე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას ვერ დაეყრდნობა მხოლოდ ამ მტკიცებულებას, თუმცა სხვა მტკიცებულებების არსებობისას, მას შეუძლია აღნიშნული მტკიცებულებაც გამოიყენოს გადაწყვეტილების დასასაბუთებლად).

ამავდროულად, დაცვის მხარეს რომც მიეცეს საქმის არსებით განხილვაზე მოწმის ჯვარედინი წესით დაკითხვის შესაძლებლობა, ეს ვერ იქნება მოწმის სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების ეფექტური მექანიზმი, რადგან მოწმის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო, ან ცრუ ჩვენების მიცემა წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შესაბამისად, მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხულმა მოწმემ წინასწარ იცის, რომ მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება, თუკი არსებითი განხილვისას, დაცვის მხარის მიერ წარმოებული ჯვარედინი დაკითხვისას განსხვავებულ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს (მუხლი 113. ნაწილი 7.). შესაბამისად ჯვარედინი დაკითხვა არსებითი განხილვისას ფაქტობრივად აზრს კარგავს, რამდენადაც მოწმე შებოჭილია გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებით.

ამ კონტექსტში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონპროექტი აფართოებს შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია საქმის არსებით განხილვაზე მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯარო წაკითხვა (მუხლი 243, ნაწილი 2). კანონპროექტის მიხედვით, მხარეს შეუძლია საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს მოსთხოვოს იმ მოწმის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების საჯაროდ წაკითხვა, რომელიც გამოცხადდა და იკითხება არსებით სხდომაზე. ერთი შეხედვით, ამ რეგულაციის მიზანი მოწმის იმპიჩმენტის ეფექტური მექანიზმის ჩამოყალიბებაა (2009 წლით გათვალისწინებული მოწმის დაკითხვის პირობებში, ეს ჩანაწერი მართლაც იქნებოდა ეფექტური იმპიჩმენტის მექანიზმი მხარეებისთვის), მაგრამ რეალურად, აღნიშნული საკანონმდებლო სიახლე კიდევ უფრო ბოჭავს დაცვის მხარეს, აწარმოოს ეფექტური ჯვარედინი დაკითხვა და მიიღოს მოწმისგან თუნდაც გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებისგან განსხვავებული ინფორმაცია.

შეუთავსებლობა უშუალობის პრინციპთან

შემოთავაზებული ცვლილებები შეუთავსებელია საქართველოში მოქმედ საპროცესო კოდექსთან და ის წინააღმდეგობაში მოდის მთელ რიგ პროცესუალურ პრინციპებთან. ამდენად კანონპროექტზე მუშაობის ფარგლებში ცალკეული პრობლემების მოგვარების შემთხვევაშიც კი (მათ შორის, მოწმის მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო და ცრუ ჩვენებებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმების შემთხვევაში, ასევე მოწმის ჩვენების არსებით სხდომაზე წაკითხვის შესაძლებლობის გამორიცხვის შემთხვევაშიც კი), ის არსებითად შეუთავსებელი იქნება მოქმედ სისტემასთან.

მოქმედი საპროცესო კანონმდებლობისთვის შეჯიბრებითობისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპზე არანაკლებ მნიშვნელოვანია უშუალობის პრინციპი, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების არსებითად გამოკვლევას, მათი სანდოობის შემოწმებას საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის წინაშე. აღნიშნული პრინციპიდან ნებისმიერი გადახვევა უნდა იყოს გამონაკლისი, ის უნდა უკავშირდებოდეს ექსტრემალურ შემთხვევებს და არა ისეთ ორდინალურ ვითარებას, როგორსაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს – მოწმის მიერ ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის თქმა. ამ კუთხით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ მოწმის პირველად დაკითხვა სწორედ იმ მოსამართლის მოხდეს, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს. სხვა შემთხვევაში, მოწმე უკვე განპირობებული იქნება მანამდე მიცემული ჩვენებით, რაც ასევე შეუსაბამობაში მოვა უშუალობის პრინციპთან და უარყოფით გავლენას იქონიებს მართლმსაჯულების ხარისხზე.

ზემოაღნიშნული არგუმენტაციიდან გამომდინარე, კოალიცია შეუძლებლად მიიჩნევს, მოხდეს აღნიშნული კანონპროექტის იმგვარად დახვეწა, რომ მან არ გამოიწვიოს მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის, ასევე უშუალობის პრინციპის შელახვა და არ წარმოშვას მნიშვნელოვანი პრაქტიკული თუ თეორიული პრობლემები. აღნიშნული მიზნების მიღწევა მხოლოდ კანონპროექტის ფუნდამენტური, სიღრმისეული გადახედვის შემთხვევაშია შესაძლებელი, რასაც კანონპროექტის ავტორები თავიდანვე გამორიცხავენ. შესაბამისად, კოალიცია ვერ ხედავს შესაძლებლობას ითანამშრომლოს შემოთავაზებული კანონპროექტის დახვეწაში. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს, კოალიცია გეგმავს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს ნორმების კონსტიტუციურობის შეფასება.

კოალიციის წევრები:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მრავალეროვანი საქართველო

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის

ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრი

ლიბერალი

კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

კავშირი “21-ე საუკუნე”

საქართველოს ახალგაზდა იურისტთა ასოციაცია

ადამიანის უფლებათა ცენტრი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

დემოკრატ მესხთა კავშირი

თავისუფლების ინსტიტუტი

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს გაეროს ასოციაცია

ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

დემოკრატიის ინსტიტუტი

ამერიკის სავაჭრო პალატა

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

 ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი

თბილისის მედია კლუბი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდი

სამოქალაქო  ჩართულობის ინსტიტუტი

საქართველოს  იურიდიული ფირმების ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცი

საქართველოს ევროპული არჩევანი

ლიბერალური აკადემია თბილისი

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის

ადამიანის უფლებათა ქსელი

ჩამოტვირთეთ PDF