სამოქალაქო საზოგადოების ფონდი აცხადებს კონკურსს მედიის ადვოკატირების ონლაინ კამპანიაზე. კონკურსის მიზანია, გაზარდოს ახალგაზრდა თაობის ცოდნა მედიის საზოგადოებრივი როლისა და ჟურნალისტის პროფესიის შესახებ.
კამპანიის სამიზნე აუდიტორიად მოიაზრება 18-25 წლის ახალგაზრდები ქვეყნის მასშტაბით. ონლაინ კამპანია სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე წარიმართება. გავრცელების არხებს არჩევს თავად აპლიკანტი, სამიზნე აუდიტორიის გათვალისწინებით. ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამა იტოვებს უფლებას, დააზუსტოს ან აპლიკანტთან შეათანხმოს ადვოკატირების კონკრეტული თემები.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება საქართველოში მომუშავე კომუნიკაციების/მარკეტინგული კომპანიებისგან, შესაბამისი გამოცდილების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, დამოუკიდებელი სტუდიებისგან, რომლებსაც, სასურველია, ჰქონდეთ სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გამოცდილება.
მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცულია საქართველოს კანონმდებლობით, არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მედიის თავისუფლებას სულ უფრო და უფრო მეტი საფრთხე ექმნება საქართველოში, ხოლო ჟურნალისტებს უწევთ რთულ გარემოში მუშაობა იმისათვის, რომ შეძლონ ინფორმაციის მოპოვება, გადამოწმება და საზოგადოებისთვის მიწოდება.
საკონკურსო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 30 000 აშშ დოლარს.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთი პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს კამპანიის ჩამოყალიბებულ სტრატეგიასა და დროში გაწერილ გეგმას, შესაბამისი ვიზუალური კონტენტის და მისი ციფრული არხებით გავრცელების აღწერას.
პროექტის მაქსიმალური ხანგრძლივობა: 4 თვე
საკონსულტაციო შეხვედრა: კონკურსის შესახებ საკონსულტაციო ონლაინ შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამა ჩაატარებს 24 აპრილს, 13:00 სთ-ზე. მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით ირინე ჯავახიძეს (), არაუგვიანეს 23 აპრილის 16:00 საათისა.
განაცხადების მიღება: პროექტი შედგენილი უნდა იყოს საგრანტო განაცხადის ფორმის მიხედვით. ფორმა შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგ ვებ მისამართზე: https://apply.csf.ge/ აუცილებელია, აპლიკაციის შევსებისას, პუნქტ N 2 – ში (ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ) მოინიშნოს მედიის მხარდაჭერის პროგრამა.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 1 მაისი 18:00
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ფონდი მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება
საკონკურსო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ორგანიზაციის გამოცდილება და შესაძლებლობები, შემოქმედებითი გადაწყვეტა და მიდგომები, სამიზნე აუდიტორიაზე წვდომა, შესაძლო გავლენა, ბიუჯეტის ეფექტურობა.