კონსტიტუციური სარჩელი: მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებსა და კომუნიკაციაზე შსს-ს პირდაპირი წვდომა უნდა შეიზღუდოს

07.04.2015

სამოქალაქო კამპანიაში „ეს შენ გეხება” გაერთიანებული არასამთავრობო ორგანიზაციები 8 აპრილს კონსტიტუციური სარჩელის პრეზენტაციას ატარებენ. კონსტიტუციური სარჩელი მოქალაქეების პერსონალურ მონაცემებსა და კომუნიკაციაზე შსს-ს პირდაპირი წვდომის შეზღუდვას ეხება.

პრეზენტაცია ოთხშაბათს, 8 აპრილს 10:30-13:00 საათზე სასტუმრო ‘თბილისი მარიოტში’ გაიმართება.

2014 წლის აგვისტოში ფარული მოსმენების მარეგულირებელ კანონმდებლობაში პარლამენტმა რამდენიმე პროგრესული ცვლილება შეიტანა, რითიც კანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თუმცა კანონში არ შეცვლილა მობილურ ოპერატორებში დაცულ ინფორმაციამდე შსს-ს პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა და ე.წ. შავი ყუთები ამ დრომდე სამინისტროში რჩება. ამ სისტემის არსებობა შსს-ს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ დროში მოიპოვოს და შეინახოს ინფორმაცია მოქალაქეების მობილური და ინტერნეტ კომუნიკაციის შესახებ.

კამპანიაში „ეს შენ გეხება” გაერთიანებული ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც ამას შესაძლებელს ხდის, მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს ლახავს და საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. პრეზენტაციაზე სარჩელის ავტორი ორგანიზაციები წარმოადგენენ საკუთარ არგუმენტაციას ამ ნორმის არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით.