განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები არაეფექტურად ვაფასებთ კორცხელის ინცდიდენტის გამოძიებას და მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას, მიიღონ ადეკვატური და დროული ზომები იმისთვის, რომ დადგეს ინცინდენტში მონაწილე ყველა პირის, ძალადობრივი აქტის ორგანიზატორებისა და განმახორციელებლების პასუხისმგებლობის საკითხი.
22 მაისს საკრებულოს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას ზუგდიდში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირებიდან კვირაზე მეტია გასული, თუმცა, საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია, რა ეტაპზეა გამოძიება, რა საპროცესო და საგამოძიებო- მოქმედებები ჩატარდა საქმეზე სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვების მიზნით და რატომ არ მომხდარა ამ დრომდე იმ პირების სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ძალადობრივ აქტებში. აღნიშნული კითხვები მით უფრო ლეგიტიმურია იმ ფონზე, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება შესაძლებელია იმ არაერთი ვიდეო მასალიდან, რომელიც ასახავს დაპირისპირების განვითარებას და რომელიც საჯაროდ არის გავრცელებული.
ასევე მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს ქმედების კვალიფიკაცია. როგორც ცნობილია, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცემას. თუმცა, მედიაში გავრცელებული კადრები და ინფორმაცია მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ მოქმედებას პირთა ჯგუფის მხრიდან, რომელთა მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები სცდება ცემის ფარგლებს და შეიცავს უფრო მძიმე დანაშაულების ნიშნებს. ქმედების სწორად კვალიფიკაცია აუცილებელია, რათა მომხდარ ფაქტს ადეკვატური სამართლებრივი პასუხი გაეცეს, სწორი კვალიფიკაცია აგრეთვე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გამოძიების მიმართ არსებობდეს საკმარისი საზოგადოებრივი ნდობა და კონკრეტულმა პირებმა ითანამშრომლონ საგამოძიებო ორგანოებთან. მოცემულ საქმეზე ცემის კვალიფიკაცია არასწორია, რამდენადაც ის სათანადოდ არ ასახავს ძალადობრივი დაპირისპირების რეალურ ხასიათს და სრულ მასშტაბებს.
აგრეთვე ამ დრომდე არ გაკეთებულა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რატომ ვერ მოახდინეს სამართალდამცავებმა ადგილზე ძალადობრივი ფაქტების პრევენცია, ან/და მათი დროული აღკვეთა და რატომ ვერ მოხდა საკმარისი საპოლიციო რესურსის დროული მობილიზაცია და ჩარევა პროცესში.
პოლიციისა და საგამოძიებო ორგანოების ასეთი პასიურობა, მათ მიერ დანაშაულის გამოძიების და შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის დადგომის თაობაზე გამოვლენილი არასაკმარისი ნება კიდევ ერთხელ აყენებს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ეჭვქვეშ. აღსანიშნავია ისიც, რომ სხვა შემთხვევებში, მშვიდობიანი ან/და ნაკლებად ძალადობრივი აქციების დროს პოლიციის მხრიდან გამოყენებული ზომები, მათ შორის, აქტივისტების დაკავების შემთხვევები, ნათლად მიუთითებს, რომ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტით მოქმედება პოლიციისა და პროკურატურის მხრიდან. გამოძიების პასიურობა და არაეფექტურობა აჩენს დაუცველობის განცდას და ახალისებს ძალადობრივ განწყობებს საზოგადოებაში, რაც ბოლო პერიოდში არაერთი სოციალური ჯგუფის მიმართ გამოვლინდა. ნათელია, რომ სახელმწიფოს არ აქვს ერთმნიშვნელოვანი და ცალსახა პასუხი ძალადობის ფაქტების მიმართ და სახელმწიფო აპარატის მხრიდან რეაგირება პოლიტიკურ ან სხვა ტიპის კონიუქტურაზეა დამოკიდებული.
ეს განსაკუთრებით სახიფათოა წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც უსაფრთხოების მინიმალური გარანტიების არარსებობის შემთხვევაში, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში საარჩევნო კამპანიის განხორციელება და ნების თავისუფალი გამოვლენა. ასევე, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მშვიდობიანი, დემოკრატიული პროცესების განვითარება ქვეყანაში.
გამომდინარე აქედან, მოვუწოდებთ:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
ფონდი “ღია საზოგადოება – საქართველო” (OSGF)
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ადამიანის უფლებათა ცენტრი