კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე

10.09.2020

კვლევის ავტორები: გავინ სლეიდი – საერთაშორისო პრაქტიკის კვლევა;
ანტონ (ტატო) ქელბაქიანი და ნატალია ცაგარელი – ადგილობრივი პრაქტიკის კვლევა, დასკვნების და რეკომენდაციების შემუშავება;
სოციოლოგი, იაგო კაჭკაჭიშვილი – თვისებრივი კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება

საზოგადოებასა და პოლიტიკის განმსაზღვრელ თანამდებობის პირებს ხშირ შემთხვევაში არაერთგვაროვანი
დამოკიდებულება აქვთ პენიტენციურ სისტემასთან მიმართებაში. სპეციალისტთა და პრაქტიკოსთა მცირე
ჯგუფის გარდა, ცოტას თუ ესმის მკაფიოდ, თუ როგორ მუშაობს პენიტენციური სისტემა. პენიტენციურ
დაწესებულებებში დახურული გარემოა, რომელსაც მივყავართ არაერთგვაროვანი მორალური და ემოციური
კლიმატისკენ, რაც იწვევს განსხვავებული სოციალური წესრიგის ჩამოყალიბებას სისტემის შიგნით. როგორც
წესი, სოციალურ წესრიგს აყალიბებს პენიტენციური დაწესებულებების ინსტიტუციური კულტურა და მისი
თანაარსებობა პენიტენციური სისტემის შიგნით არსებულ კრიმინალურ სუბკულტურასთან.
ბოლო პერიოდში, ყველაზე ხშირად პენიტენციურ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრისას
მიუთითებენ სისტემის შიგნით არსებულ სუბკულტურაზე და ადმინისტრაციის ფუნქციონირებისას მის
ზეგავლენაზე. როგორც ადგილობრივი (პრევენციის ეროვნული მექანიზმი), ასევე საერთაშორისო (წამების
პრევენციის ევროპული კომიტეტი) ორგანიზაციების ანგარიშებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პენიტენციურ
დაწესებულებებში პატიმრებს შორის ჩამოყალიბებულია არაფორმალური იერარქიები, სადაც არსებობენ
პრივილეგირებული პატიმრები, რომლებსაც გავლენა აქვთ როგორც სხვა პატიმრებზე, ასევე დაწესებულების
ნორმალურ ფუნქციონირებაზე. გარდა ამისა, ამავე ანგარიშებში ხაზი გაესვა, რომ კრიმინალური სუბკულტურა
პატიმრებს შორის ძალადობის ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
პატიმრებისთვის არაფორმალური ძალაუფლების გადაცემამ, შესაძლოა, დაამყაროს არალეგიტიმური
ძალაუფლება, რომელსაც ისინი მათ წიაღში არსებული სუბკულტურის მეშვეობით საკმაოდ ეფექტურად იყენებენ.
ადმინისტრაციის მიერ ლეგიტიმური ზომების არასაკმარისად გამოყენება შეიძლება ისეთივე სახიფათო
იყოს, როგორც უფლებამოსილების გადამეტება, თუკი ეს მიგვიყვანს ისეთ რეჟიმამდე, სადაც არასაკმარისი
ზედამხედველობა და უწესრიგობაა. გადამეტებულ ძალასა და სამართლებრივ წესრიგს შორის სწორი ბალანსის
მოძებნა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მთავარი ამოცანაა (Sparks და სხვები, 1996 წ.). ეს
მორალური, მენეჯერული და პიროვნული გამოწვევაა მათთვის, ვინც პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს,
რადგან მათ სწორი ბალანსი უნდა იპოვნონ დაწესებულებებში წესრიგის დამყარებასა და პატიმრებისადმი
პატივისცემით და ლეგიტიმურად მოპყრობას შორის.
საქართველოს უახლესი ისტორიის ანალიზი გვაჩვენებს, რომ პრაქტიკაში გამოყენებული იყო პენიტენციური
სისტემის მართვის მხოლოდ ორი მოდელი, რომლებიც პირობითად შეგვიძლია ასე დავახასიათოთ: ა)
პენიტენციური დაწესებულებების მართვა კრიმინალური სუბკულტურის ელემენტების გამოყენებით; ბ)
პენიტენციური სისტემის მართვა და კონტროლი დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ, თუმცა ისეთი
მეთოდების გამოყენებით, როდესაც სისტემურად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. საქართველოს
პენიტენციურმა სისტემამ ჯერჯერობით ვერ მოახერხა ჩამოეყალიბებინა ისეთი სახის სისტემა, სადაც დაცული
იქნება ბალანსი უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებებს შორის. მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში,
რომ ბოლომდე არ არის გააზრებული თუ რა ფენომენს წარმოადგენს კრიმინალური სუბკულტურის ეს ფორმა,
რითი საზრდოობს ის და როგორ ინარჩუნებს გავლენას პენიტენციური დაწესებულებების ფუნქციონირებაზე.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას – რა არის ამის გამომწვევი მიზეზი და რამდენად
მასშტაბურია ეს პრობლემები, რათა მოხდეს მისი საფუძვლების იდენტიფიცირება. აქედან გამომდინარე,
მნიშვნელოვანია განხორციელდეს კრიმინალური სუბკულტურის ზეგავლენის კვლევა პენიტენციური
დაწესებულების მართვაზე, იმ მიზნით, რომ შემდგომი ნაბიჯები დაემყაროს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ
მიდგომებს.

კრიმინალური სუბკულტურის გავლენა პენიტენციური დაწესებულებების მართვაზე by OSGF on Scribd