30 ოქტომბერს, 18 საათზე ‘ღია გალერეაში’ გაიხსნება ახალგაზრდა ილუსტრატორის ლაშა კუხიანიძის პერსონალური გამოფენა.
ლაშა კუხიანიძის ფერწერა მსოფლიოს ხალხთა ცნობილი ანდაზების ილუსტრაციებია. მისი შემოქმედება საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ გამოსახულებით ინფორმაციის მიღებისკენ სწრაფვის ეპოქაში ახალგაზრდა თაობისთვის ფოლკლორული მემკვიდრეობის შენარჩუნებას უწყობს ხელს და მას ახალგაზრდა თაობას აცნობს. დახატული აქვს : ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იაპონური, რუსული, ესპანური, ბერძნული, ებრაული ანდაზები-ქართული შესატყვისებით.
2 წელია ყოველი დილა ანდაზის შერჩევით იწყება.როგორც თავად ამბობს არჩევს ისეთს, “რომელიც დაიხატება”.
სამომავლოდ, ძმასთან ერთად ამ ნახატებით ანიმაციების გაკეთებას გეგმავს.
ლაშა კუხიანიძის შესახებ:
ლაშა 24 წლისაა. მას სკოლაში არ უვლია, ხშირად ავადმყოფობდა. მასთან სახლში დადიოდნენ მეგობრები და მათ ასწავლეს წერა-კითხვა და არითმეტიკა. ლაპარაკი გვიან დაიწყო, ხატვა-ადრე.
ანბანს რომ სწავლობდა, ასოებს ხატავდა, როგორც კაცებს. როცა ისწავლა წერა-კითხვა, დღიურების წერა და ხატვა დაიწყო. ჯერ ხატავდა, სახელს მერე არქმევდა. ნახატი თუ მოეწონებოდა, იგონებდა ამბავს ამ ნახატის მიხედვით. ასე დახატა და გამოიგონა- ,,ბატუტის მომძებნი”, რომელიც მისმა ძმამ, ანიმატორმა არჩილ კუხიანიძემ გააცოცხლა და ეს იყო მათი პირველი ანიმაცია. მის ილუსტრაციებზე აგებული სხვა ანიმაციებია:,,გზა და გზა” და ,,ნატვრის ხე”. ძმებს გაკეთებული აქვთ ანიმაციები საპატრიარქოს ტელევიზიისთვის-,,ჩიტო , ჩიტო ნაცარა” და ,,ბუკნაჭო”.
ღონისძიებაზე დასწრება შეგიძლიათ დაადასტუროს ფეისბუქის გვერდზე.