მედიაში დაწყებული რეპრესიები-ფონდის პოზიცია

23.05.2022
ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი

არსებობს ასეთი ტერმინი „კონკურენტული ავტორიტარიზმი“, რომელსაც, დაახლოებით, ოცი წელია იყენებენ სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან მიმართებით, ბოლო პერიოდში კი პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნაწილის მმართველობის დასახასიათებლად. ამ ტიპის მმართველობაში, ერთი მხრივ, არის კონკურენცია, ტარდება არჩევნები, არის პოლიტიკური პარტიების და მედიის სიმრავლე, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც იმარჯვებს ის პარტია, რომელსაც აქვს ძალაუფლება ქვეყანაში. ეს ტერმინი ზუსტად აღწერს საქართველოს რეალობას. მიუხედავად იმისა, რომ გვყავს მრავალფეროვანი მედია, ტარდება არჩევნები, გვყავს მრავალი პოლიტიკური პარტია, ათი წელია, შედეგი არის უცვლელი. სამწუხარო ის არის, რომ კონკურენტული ავტორიტარიზმი არ არის მუდმივი – ის ან დემოკრატიისკენ იხრება, ან ტოტალური ავტორიტარიზმისკენ, დიქტატურისკენ. დღეს ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში დიქტატურაა, მაგრამ მისი დამყარების საფრთხე შეიძლება იყოს.”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი.

დისკუსია ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, მედიაზე ზეწოლისა და #ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის პერსპექტივის შესახებ.

ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდი

“დროა, დავასრულოთ თვითგვემა და ფუჭი განსჯა იმაზე, თუ რატომ იქცევა ასე ხელისუფლება, რა არის ამის მიღმა და ასე შემდეგ. შეფასებები გაკეთებულია. შეფასებების დრო დასრულა. ახლა ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვიფიქროთ, რა საფრთხის წინაშე ვართ და რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ სულ ვლაპარაკობთ, რომ ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს. გავიგეთ, რომ ხელისუფლება ასე იქცევა. მედიასთან ბრძოლას იგებენ მხოლოდ დიქტატურის პირობებში. სხვანაირად მოწყობილ სახელმწიფოში მედიასთან ბრძოლას ვერ მოიგებს ვერც ერთი ხელისუფლება. ჩვენ გვყავს მეზობელი ქვეყნები, სადაც აღარ არსებობს თავისუფალი მედია. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ეს არ გვემუქრება, თავს ვიტყუებთ. მცდარია წარმოდგენა, რომ ქართველები ვართ და ვერ მოგვათვინიერებენ, ძალიან კარგად მოგვათვინიერებენ, ძალიან კარგად აღმოჩნდებით, ერთ მშვენიერ დღეს, დიქტატურაში და დავკარგავთ ყველაფერს.

დღეს ჩვენ მხოლოდ ნიკა გვარამიაზე არ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხვალ ჟურნალისტმა შეიძლება თავისუფლად ვერ გვითხრას რაღაცა, ან ჩვენ თვითონ ვერ ვთქვათ, რისი თქმაც გვინდა. ცოტა ხნის წინ კინოჩვენება გაუქმდა. რას ნიშნავს ეს. ხვალ რომელიღაც ჩინოვნიკს მოუნდება, გააუქმებს ჩვენებას და მეტყვის, რომ შენ ეს არ უნდა ნახო. ან გადაწყვეტს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უნდა ებაროს არა პროფესიონალს, არამედ მოხელეს, რომელსაც ამ საქმის არაფერი გაეგება. თუ ეს პროცესი წავა დაუბრკოლებლად, ხვალ დარტყმა იქნება ტვ პირველზე, ფორმულაზე, ონლაინ მედიაზე და არა მარტო. ამიტომ, ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, ვიფიქროთ სამოქალაქო, მშვიდობიან პროტესტზე, რომ ეს რეალობა ჩვენ თითონ შევცვალოთ”. – ხატია ჯინჯიხაძე, ღია საზოგადოების ფონდი.

NEWS

MULTIMEDIA