MEVAFINANSEB.org ქართულ ინტერნეტსივრცეში

08.05.2014

მალე ქართულ ინტერნეტსივრცეში ვებპლატფორმა www.MEVAFINANSEB.org გაჩნდება. ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართა 5 მაისს, ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ ოფისში.

MEVAFINANSEB.org საქართველოსთვის ინოვაციური პროექტია, სადაც  არამომგებიანი, არასამთავრობო ორგანიზაციები გამოაქვეყნებენ ორიგინალურ იდეებს და ვებგვერდის მეშვეობით დონორების მოძიებას შეეცდებიან. 

დაფინანსების მოძიება მოხდება ე.წ Crowdfunding-ის მეშვეობით, რაც გულისხმობს დაფინანსების მიღებას იდეის გულშემატკივარი ადამიანებისა და ორგანიზაციებისგან. Crowdfunging-ის დროს, დაფინანსების მოძიება, ძირითადად ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. ეს არის სივრცე, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს დონორსა და იდეის ავტორს.

www.Mefapinanseb.org-ს ანალოგი ქართულ ინტერნეტსივრცეში ჯერჯერობით არ არსებობს. ‘დღემდე, ჩვენ ვიცით ვებგვერდები www.borani.org და wehelp.ge, სადაც ქვეყნდება, პირველის შემთხვევაში, ინფორმაცია ოჯახების საჭიროებების შესახებ და გროვდება თანხა ამა თუ იმ ნივთის შესაძენად,  ხოლო wehelp.ge ფოკუსირებულია გადაუდებელი სამედიცინო ჩარევის დაფინანსებაზე. რაც შეეხება Mevafinanseb.org-ს, ეს არის პირველი ვებგვერდი, რომელიც კონკრეტულად, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის არისგანკუთვნილი’- ამბობს პროექტის  კოორდინატორი.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც იდეის ავტორები აღმოჩნდებიან, არის სოციალური ქსელის მომხმარებლის თემით დაინტერესება და მიზიდვა. ვრცელი და მრავალგვერდიანი საპროექტო აღწერის ნაცვლად, ავტორებს საკუთარი იდეის ერთი წინადადებით გადმოცემა და ეფექტურად შეფუთვა მოუწევთ.

‘იდეის ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელი საკმაოდ დაკავებულია ან ზარმაცია. მას არ აინტერესებს სიღმისეული ანალიზი და გრძელი ტექსტები. ამიტომ,  თქვენ უნდა შეძლოთ მთავარი სათქმელის მხოლოდ 3-4 სიტყვით გადმოცემა. გზავნილი იმდენად მიმზიდველი და შთამბეჭდავი უნდა იყოს, რომ ადამიანმა ჯერ ბმული გახსნას და შემდეგ მთავარ გვერდზე გადავიდეს.’- ამბობს გიორგი გოგუა, პროექტის კონსულტანტი მულტიმედიის მიმართულებით.

ნახეთ ფოტოგალერეა.