მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსთავი 2-თან დაკავშირებით

24.07.2019

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები თოთხმეტ საეთაშორისო ორგანიზაციას მიმართავენ, რომ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდნენ  რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.

როგორც თქვენთვის ცნობილია, მიმდინარე წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, აღსრულდა საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“-ის მფლობელი შეიცვალა. ასევე, მაუწყებლის ახალმა მფლობელმა დანიშნა ტელევიზიის ახალი დირექტორი. ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიტიკული მაუწყებლის მფლობელისა თუ მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაზე, რაც პრაქტიკაში ხელისუფლების მიმართ ლოიალურ მიდგომებში გამოიხატება. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ შესაძლოა, მნიშვნელოვნად გააუარესოს საქართველოში არსებული მედიაგარემო და შეზღუდოს მედიაპლურალიზმი. ამის შესახებ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო განცხადება გაავრცელა.

ოპოზიციასთან აფილირებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გამოირჩევა მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიმართ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკით. ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი არ მალავდნენ, თავიანთ უკმაყოფილებას “რუსთავი 2”-ის მიმართ და გამოხატავდნენ სურვილს მისი სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მიუხედავად ახალი მფლობელის განცხადებისა, რომ იგი არ აპირებს მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლასა და ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტას, კვლავაც არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ ეს განცხადებები საფუძველს მოკლებულია. ამ ეჭვებს ამყარებს შემდეგი მნიშვნელოვანი გარემოება:

გასულ კვირას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა ტელეკომპანიის ახალ მფლობელს სარედაქციო პოლიტიკისა და ჟურნალისტების უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოებრივი საბჭოს შექმნა შესთავაზეს, რომელიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებით, მედიასფეროს ექსპერტებით და მფლობელის მიერ წარდგენილი პირებით დაკომპლექტდებოდა. აღნიშნული საბჭოს მთავარი მიზანი ახალ რეალობაში ჟურნალისტების შრომითი უფლებებისა და სარედაქციო პოლიტიკაში გარე ჩარევებისგან დაცვა იყო. ჟურნალისტების აღნიშნული ინიციატივა ახალმა მფლობელმა არ გაიზიარა და სანაცვლოდ არც ინსტიტუციური დაცვის რაიმე ალტერნატიული მექანიზმი შესთავაზა მათ. აღსანიშნავია ასევე, რომ ახალი მენეჯმენტის განცხადებით, არხზე მძიმე ფინანსური მდგომარეობა დახვდათ. ზუსტად ამის გამო, შესაძლოა წარმოიშვას საფრთხე, რომ მაუწყებლის ახალმა მენეჯმენტმა ეს ფაქტი გამოიყენოს ჟურნალისტებისთვის შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის საბაბად, არხიდან გაუშვას არასასურველი ჟურნალისტები და ამ გზით შეიცვალოს ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა. ცნობისათვის, სასამართლო დავის პერიოდში, კომპანიას ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობა ჰქონდა, მათ შორის ყადაღის გამო, თუმცა ტელევიზიის მენეჯმენტი მაინც ახერხებდა არხის მაუწყებლობის შენარჩუნებას.

ხელმომწერი ორგანიზაციები გთხოვთ, ყურადღებით მიადევნოთ თვალი „რუსთავი 2“-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული მონიტორინგის ქვეშ აიყვანოთ ეს საქმე. მნიშვნელოვანია, შენარჩუნდეს არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა და არ დაირღვეს ჟურნალისტების შრომითი უფლებები.

მიმართვის ადრესატები არიან:

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს;

ეუთოს წარმომადგენელს მედია თავისუფლების საკითხებში, ჰარლემ დეზირს;

ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებების საკითებში, ეიმონ გილმორს;

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ ევროპისა და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულების ხელმძღვანელს, ჯოან ბერს;

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალ მდივანს, კუმი ნაიდუს;

„ჰიუმან რაითს ვოჩის“ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, გიორგი გოგიას;

„ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორს, მარკ ბერენტს;

„ევროპის ჟურნალისტების ასოციაციის“ პრეზიდენტს, ოტმარ ლაჰოდინსკის;

„პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრის“ აღმასრულებელ დირექტორს, ლუზ კინკელს;

„მეცხრამეტე მუხლის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, სარა კლარკს;

„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ხელმძღვანელს, ქეთრინ ქეროლს;

„ჟურნალისტთა ევროპული ფედერაციის“ ხელმძღვანელს, რიკარდო გუტიერეზს;

„პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის“ აღმასრულებელ დირექტორს, მარკუს სპაილმენს;

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ გენერალურ მდივანს, ენტონი ბილანჯერს

ხელმომწერი ორგანიზაციები

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
მედიის განვითარების ფონდი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
საქართველოს რეფორმების ასოციაცია
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საზოგადოება და ბანკები
ლიბერალური აკადემია თბილისი
კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
საქართველოს გაეროს ასოციაცია
საფარი
საქართველოს ატლანტიკური საბჭო
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
ღია საზოგადოების ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
ცენტრი ემპათია
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი

NEWS

MULTIMEDIA