საქართველოს მოქალაქეებისთვის გაჩნდა შესაძლებლობა, გაასაჩივრონ რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კანონი, რომელმაც ფარული მიყურადების სისტემა უნდა დაარეგულიროს.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლომ ერთხელ უკვე სცნო არაკონსტიტუციურად. ახალი კანონი საპარლამენტო უმრავლესობამ მოამზადა, როგორც გაუმჯობესებული ვერსია. თუმცა, არც ამ ვერსიაშია გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს შენიშვნები და შესაბამისად, ახალი კანონიც წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან. ფარული მიყურადების ახალი კანონმდებლობა კვლავ ვერ უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და საქართველოს კონსტიტუცია ისევ ირღვევა. კიდევ უფრო მატულობს პერსონალურ მონაცემთა ხელშეუხებლობის დარღვევის რისკები.
კამპანიის წევრების ორგანიზებით ონლაინ სარჩელის ფორმა შემუშავდა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევს შანსს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული სამართლებრივი მექანიზმი და გაასაჩივროს აღნიშნული კანონმდებლობა.
შევსებული სარჩელი შეგიძლიათ ამობეჭდოთ, ხელი მოაწეროთ და მოგვაწოდოთ 6 აპრილს, 12:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ჭოველიძის 10, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” ოფისი. ასევე, შეგიძლიათ უშუალოდ მობრძანდეთ დასახელებულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი დაგეხმარებათ ადგილზე შეავსოთ სარჩელი. გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
სარჩელის ფორმის პრეზენტაცია 31 მარტს, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში ჩატარდა.