„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებების პროექტი განიხილეს დღეს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
სადისკუსიო შეხვედრა ჩატარდა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ინიციატივით ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით.
წარმოდგენილი კანონპროექტი მოამზადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. იგი ნაწილობრივ დაეყრდნო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ” და 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კამპანიის „თვითმმართველობის დროა” ფარგლებში მოამზადეს და 2014 წლის 24 დეკემბერს სამინისტროს წარუდინეს.
„თვითმმართველობის კოდექსში” შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაუმჯობესებასა და მონაწილეობის ახალი ფორმების დანერგვას. კერძოდ, პროექტს შემოაქვს მოსახლეობის თვითორგანიზაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ისეთი ფორმა, როგორიც არის სოფლის/დაბის/ქალაქის საერთო კრება, რომელიც უზრუნველყოფს მოქალაქეთა ქმედით ჩართულობას დასახლებისა და მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის, გადაწყვეტისა და მუნიციპალიტეტის ორგანოების წინაშე ინიცირების პროცესში. ამასთან, პროექტი ავალდებულებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, განიხილოს საერთო კრების მუდმივმოქმედი ორგანოს განცხადებები, მოთხოვნები და წარდგინებები და აცნობოს მას განხილვის შედეგების შესახებ. გამგეობასთან/მერიასთან, როგორც სათათბირო ორგანო, ყალიბდება სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო. პროექტში ახლებურად არის წარმოდგენილი პეტიციის წარდგენის წესი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები და სხვ.
###
მეტი ინფორმაცია თვითმმართველობის რეფორმის და ამ მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შესახებ ნახეთ ვებგვერდზე: www.droa.ge
I არხის პირდაპირი ჩართვა შეხვედრის ადგილიდან: