გასულ კვირას განვითარებულმა სამწუხარო მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალადობა კვლავ რჩება სერიოზულ გამოწვევად სკოლებში.
სწორედ მოსწავლეთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის ხელშეწყობა იყო 1-3 დეკემბერს ბორჯომში ჩატარებული ტრენინგის “ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები სკოლის დონეზე” მთავარი თემა.
მასში სკოლებისა და რესურს ცენტრების 45 წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და საცხე-ჯავახეთის რეგიონებს წარმოადგენდნენ.
ტრენინგს უძღვებოდნენ გურანდა თეთრაძე, ნათია მაჭარაშვილი, ნინო ტაბიძე და მარიამ ბერიძე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციიდან (GASW).
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ (GASW), რომელიც დიდი ხანია ამ თემაზე მუშაობს, გაზაფხულზე ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით აჭარის რეგიონში შეიმუშავა და დანერგა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის ამოქმედების სისტემა.
ჩვენი პროექტი ხელს უწყობს მიმართვიანობის ეფექტური და კოორდინირებული სისტემის დანერგვას კიდევ სამ სამიზნე რეგიონში.
2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს მთავრობამ დადგენილება No 437-ით დაამტკიცა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურები, რომელთა მიზანი მიმართვიანობის ეფექტური და კოორდინირებული სისტემის ჩამოყალიბების გზით ბავშვების ძალადობის ყველა ფორმისგან დაცვაა. ამ პროცედურების ამოქმედებასა და სკოლების კომპეტენციების გაძლიერებას ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის, ანალიზისა და რეფერირების უზრუნველყოფისათვის, მხარს უჭერს პროექტი “ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება ბავშვთა უფლებების დაცვისათვის”.
ტრენინგის ფარგლებში სკოლების პერსონალი გადამზადდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმები, სისტემური და ინდივიდუალური ძალადობის იდენტიფიცირება, ბულინგი და მასთან ბრძოლის საშუალებები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მექანიზმები, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურები, ჩართული მხარეები და მათი როლი, მანდატურის სამსახურის შიდა ინსტრუქციები, დასამისამართების სქემა სკოლისათვის, დადგენილების დანართები N2 და N4.
მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობა, განიხილეს ცალკეული შემთხვევები, და იმსჯელეს ძალადობის გამოვლენისა და რეაგირების გზებზე. ტრენინგის მონაწილეებს ასევე დაურიგდათ ელექტრონული დისკები ყველა იმ დამატებითი მასალებით, რაც სკოლებს მოსწავლეთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების მიმართულებით პრაქტიკულ მუშაობაში შეიძლება დასჭირდეთ.