ჩვენი ორგანიზაციები ეხმიანებიან, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, სამუშაო ადგილზე 3 ადამიანის დაღუპვის ფაქტსა და ტყიბულის ნახშირმომპოვებელ საწარმოში სიცოცხლისათვის საშიში შრომითი პირობების გამო მომხდარ მორიგ ინციდენტს და მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დააჩქაროს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონპროექტების განხილვა, რომელიც მოიცავს მშრომელთა უფლებების მნიშვნელოვან გარანტიებსა და შრომის კანონმდებლობის ეფექტური აღსრულებისთვის აუცილებელ საკანონმდებლო ცვლილებებს.
წლების განმავლობაში, საქართველოში უცვლელად მძიმეა დასაქმებულთა მდგომარეობა; მასობრივად ირღვევა მშრომელთა უფლებები; ღირსების შემლახავი და სახიფათო სამუშაო გარემო ბევრი დასაქმებულის ყოველდღიურობაა; სამუშაო ადგილზე სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის გარანტიებს ვერ ქმნის ინსტიტუციურად სუსტი შრომის ინსპექტირების მექანიზმი; არარეგულირებული სამუშაო დრო, არაანაზღაურებადი ზეგანაკვეთური შრომა, დასვენებისა და შესვენების გარეშე მუშაობა, სისტემატური პრაქტიკაა; დასაქმებულთა დაუცველობის მასშტაბს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი, რის გამოც რიგი დამსაქმებლების გადაწყვეტილებით, უამრავი ადამიანი დარჩა ანაზღაურებისა თუ სამუშაოს გარეშე.
შრომითი ურთიერთობების არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილ დაცვას, ასევე რეგულირების მიღმა ტოვებს თვითდასაქმებულთა და არაფორმალურად დასაქმებულთა უზარმაზარ სექტორს. სახელმწიფოს არც შრომის კანონმდებლობის აღსრულების ეფექტური მექანიზმები გააჩნია.
მიუხედავად ცალკეული ხარვეზებისა, პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტები აღნიშნულ გამოწვევებს, დიდ წილად, პასუხობს. მათ გააჩნიათ პოტენციალი, შექმნან აღწერილ პრობლემათა დიდი ნაწილის მოგვარების საფუძველი. კანონპროექტებით გათვალისწინებულია სამუშაო დროის, ზეგანაკვეთური სამუშაოს, სტაჟირების, არასრული განაკვეთის, სამუშაო ადგილზე დისკრიმინაციისგან დაცვის რეგულირება და მშრომელების დაცვისთვის აუცილებელი სხვა მნიშვნელოვანი დებულებები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იზრდება შრომის ინსპექციის მანდატი და მოიცავს შრომითი უფლებების სრულყოფილი მონიტორინგის შესაძლებლობებსა და დარღვევებზე სანქცირების უფლებას, რაც შრომითი კანონმდებლობის აღსრულებისა და სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და დაზიანების პრევენციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მოვუწოდებთ პარლამენტს, კანონპროექტების ღირებული დებულებების მიღებით მაქსიმალურად დააახლოვოს შრომის კანონმდებლობა ევროკავშირის დირექტივებისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით განსაზღვრულ სტანდარტებთან და შრომის ინსპექციის უფლებამოსილების გაზრდისა და ინსპექციისთვის სათანადო რესურსების მობილიზების გზით ხელი შეუწყოს აღსრულების მექანიზმების გაძლიერებას.
ხელმომწერი ორგანიზაციები: