საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. ეს აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2021 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. კანონის თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდებათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას, და მის მოადგილეებს. ლონდა თოლორაია აღნიშნულ თანამდებობაზე პარლამენტმა 2019 წელს აირჩია 6 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ორგანიზაციების და სხვა დაინტერესებული მხარეების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღნიშნულ კანონპროექტს. ამ პროცესს შემაშფოთებელი და ადამიანის უფლებათა დამცველი დამოუკიდებელ ინსტიტუტების დამაზიანებელი უწოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ.
ლონდა თოლორაიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ 2022 წლის 28 იანვარს დაარეგისტრირა მოსარჩელე ითხოვს მიღებული კანონის შესაბამისი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, საქმის დაჩქარებულ განხილვას და გასაჩივრებული ნორმების მოქმედების შეჩერებას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს საქმეს თუ „არსებობს განსაკუთრებული გარემოებები, რომლებიც მიუთითებენ საქმის პრიორიტეტულად გადაწყვეტის საჭიროებაზე.“ ასევე, შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება თუ „ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს“. აღსანიშნავია, რომ მსგავს საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება და იგი არ დგას კონსტიტუციური სტანდარტების პირველადი განმარტების საჭიროების წინაშე. ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს საქმის გადაწყვეტის სამართლებრივ ტვირთს.
აშკარაა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გააჩნია ყველა მატერიალური და პროცესუალური საფუძველი, სახელმწიფო ინსპექტორის სარჩელის დროულად და ეფექტურად განსახილველად. კონსტიტუციური სარჩელის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების (პირველი მარტის) შემდგომ არსებითად დააკნინებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტურობას და გამოიწვევს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას.
მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს, პრიორიტეტულად განიხილოს ლონდა თოლორიას კონსტიტუციური სარჩელი და შეაჩეროს სადავო ნორმების მოქმედება. აღნიშნული აუცილებელია, პარლამენტის მიერ დაწყებული დამაზიანებელი პროცესის შესაჩერებლად, დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოების დასაცავად და მოსარჩელის სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად.
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, გამოავლინოს სახელმწიფო ინსტიტუტების დემოკრატიული განვითარების ნება და შეაჩეროს ახლადშექმნილი უწყებების ხელმძღვანელთა თანამდებობაზე არჩევის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
ხელმომწერი ორგანიზაციები: