მსჯელობა მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებაზე

7 აგვ, 2015

 

2009 წელს საქართველოს პარლამენტმა ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მიიღო. კოდექსის თანახმად, უნდა შეიცვალოს მოწმის დაკითხვის წესი.

1998 წლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიების  და სისხლისსამართლებრივი დევნის ეტაპზე მოწმე იკითხებოდა გამომძიებელთან/პროკურორთან, ხოლო ახალი კოდექსით გამოძიების სტადიაზე მოწმის დაკითხვა მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშეა შესაძლებელი.  აღნიშნული დებულების ამოქმედების ვადა რამდენჯერმე გადაიდო და  საბოლოო ვადად განისაზღვრა 2016 წლის 1 იანვარი. ვადის გადაწევის მიზეზად ყოველთვის სახელდებოდა ის გარემოება, რომ პროკურატურა და შესაბამისი ორგანოები მზად არ იყვნენ  დაკითხვა მოსამართლის წინაშე ეწარმოებინათ.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო” აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს. ფონდის წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს და მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული საკითხის გარშემო გამართულ მსჯელობებში, ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მოწმეთა დაკითხვის შესახებ და თანამშრომლობდნენ საერთაშორისო ექსპერტებთან საქართველოს და უცხოეთის პრაქტიკის კვლევის კუთხით.

ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ინიციატივით სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტებმა და პროფესორებმა რიჩარდ ვოგლერმა და ბას დე ვილდემ  შედარებითი სამართლებრივი კვლევა  ჩაატარეს.  კვლევის პრეზენტაცია და მის გარშემო მსჯელობა 2015 წლის 7 აგვისტოს სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” გაიმართა.

კვლევა წარმოადგენს მოწმის დაკითხვის წესის შესახებ საქართველოს კანონმდელობის შედარებით ანალიზს ინგლისის, უელსის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, გერმანიის, ნიდერლანდების კანონმდებლობასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.

7 აგვისტოს გამართულ მრგვალ მაგიდაზე საერთაშორისო ექსპერტებმა, სასამართლოს, პროკურატურის, პარლამენტის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიციები წარმოადგინეს. კვლევის ავტორმა რიჩარდ ვოგლერმა ქართველ კოლეგებს რეკომენდაციები გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს საქართველოში მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმირებისთვის.

მრგვალი მაგიდა პროფესორმა რიჩარდ ვოგლერმა და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთი ხუციშვილმა გახსნეს.

მოწმეთა დაკითხვის წესის რეფორმის შესახებ მოხსენებები გააკეთეს  ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბარამიძემ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსმა და გურამ იმნაძემ, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა.


ნახეთ ანგარიში სრულად

 

ნახეთ მედია ამ თემაზე:

იმედი, ქრონიკა 11 საათზე   

იმედი, ქრონიკა 14 საათზე

პირველი არხი 

მაესტრო