მუდმივ კარანტინში

24.04.2020

ანა მაისურაძე                                                                                                                                                                                  გრაფიკა: დავით კუხალაშვილი

ახლა, როცა კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, მთელი მსოფლიო იძულებით გამოიკეტა სახლებში და ჩვეულ ცხოვრებაზე უარის თქმა მოუწია, ბევრმა ისევ   ვერ გააცნობიერა, რომ შშმ პირების დიდი ნაწილი მთელ ცხოვრებას ასეთ რეჟიმში,  სახლში გამოკეტილი, მუდმივ კარანტინში ატარებს.

ვინიდან, სახლს გარეთ გარემო არ არის მოწყობილი ყველანაირი შესაძლებლობის ადამიანებისთვის, სახლში გამოკეტვა გარეთ არსებული გარემოსგან თავის დაღწევის საშუალებად მოჩანს.. ქუჩაში ცოტაა სტანდარტებზე მორგებული პანდუსი, კიბის მოაჯირები. საზოგადოებრივი ტრანსპორტიც მხოლოდ ნაწილობრივაა ადაპტირებული, არ დგას ხმოვანი შუქნიშნები, ტროტუარები მანქანებითაა გადატვირთული.

მაგრამ თუ დავაკვირდებით, ხშირად, სახლში გამოკეტვაც არ არის არაადაპტირებული გარემოსგან თავის დაღწევის საშუალება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისა და მათი ოჯახებისათვის, რომელთა დიდი ნაწილი თვიდან თვემდე ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის, ძვირი და მიუწვდომელი მიზანია საცხოვრისის ადაპტირება. ბინების უმრავლესობა პატარა და ვიწროა. ლიფტების დიდი ნაწილი გაუმართავია და გამოუსადეგარია ეტლით სარგებლობისათვის. კიბეების პანდუსებით აღჭურვა წლიდან წლამდე მიუღწეველი ამოცანაა, სერიოზული პრობლემაა აბაზანის ადაპტირება დამოუკიდებელი სარგებლობისათვის. ამდენად, ჩვენი თემის დიდი ნაწილისთვის თავზე ჭერი არ გულისხმობს სახლს, რომელიც კომფორტულია საცხოვრებლად და პასუხობს ჩვენ საჭიროებებს.

მუდმივი კარანტინის მდგომარეობა, ხშირად, ყველაზე ახლობლების, ყველაზე დიდი იმედის – ოჯახის წევრთა მხრიდან უმართებულო დამოკიდებულების გამოც დგება. რამდენ ჩვენგანს ექცა ნორმად მუდმივი კარანტინი ოჯახის წევრების მიმართ სირცხვილის, მუდმივი შიშის, თუ მათი გადამეტებული მზრუნველობის გამო. მე შშმ პირი ვარ. ჩემი სოციალიზაცია და ნორმალური ცხოვრების შანსი ჩემი ოჯახის დამსახურებაა, ამის გამოც ვიცი მხარდამჭერი ოჯახის წევრის მნიშვნელობა. თუმცა, ყველას ასე არ უმართლებს. ჩემს მეზობელს, რომელთან ერთადაც ბავშვობაში ხშირად ვთამაშობდი ეზოში, თურმე სახლში და ჰყავდა, მაგრამ ამის შესახებ მე მხოლოდ ტრაგიკული შემთვევის შემდეგ გავიგე. 26 წლის გოგოს გარდაცვალებამ ყველა შეძრა, ისინიც, ვისაც არასდროს გამოუხატავთ წუხილი გოგოს შეზღუდულ მდგომარეობაზე, სურვილი მისი მხარდაჭერის, დახმარების, თუნდაც მასთან მეგობრობისა. გარდაცვალებამდე მისი არსებობის შესახებ, უბრალოდ, არაფერი ვიცოდი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ოჯახი მისი მდგომარეობის გამო მალავდა საგულდაგულოდ… საზოგადოებისგან დაცინვის, გაკიცხვის, გარიყვის შიშით სახლში გამოკეტილი გოგონა აივანზეც არ გამოჰყავათ. ერთხელაც არ წამოსცდენია მის ძმას, რომ და ჰყავდა. როგორც მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე, გარეთ მხოლოდ ღამით გაჰყავდათ სასეირნოდ და ისიც იშვიათად. რომ არა ადამიანის ღირსებისთვის აუტანელი პირობები, რომელშიც ის ცხოვრობდა – მჯერა, დღესაც ცოცხალი იქნებოდა.

სხვისი შიშის, გადაულახავი საზოგადოებრივი წნეხის გამო მოქმედი კარანტინი მუდმივია და გაცილებით უფრო მძიმე, ვიდრე  ნებისმიერი სხვა მიზეზის, თუნდაც პანდემიის გამო კარანტინი. მუდმივი იმიტომ, რომ ამგვარ გამოკეტილ ყოფაში არც განათლებაზე მიუწვდებათ ადამიანებს ხელი. განათლება კი მბჟუტავი იმედია, რომ ოდესმე მათაც ექნებათ დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობა, მათივე შრომის შედეგების დანახვით გამოწვეული სიხარული. მაგრამ მოცემულობა წლიდან წლამდე უცვლელია. მუდმივი კარანტინი სრული უფუნქციობის და საკუთარ სახლში უსახლკარობის განცდის პირისპირ გვტოვებს.

პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინი დასრულდება დღეს, ან ხვალ. მაგრამ როდის დასრულდება შეზღუდული გარემოს გამო გამოცხადებული კარანტინი?

###

ანა მაისურაძე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა დამოუკიდებელი მოძრაობის წევრი.                             

სხვა ავტორების ბლოგები ამ სერიიდან.

###

უსახლკარობა, მისი მრავალფეროვანი მიზეზებისა და ფორმების გათვალისწინებით, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვაგვარად ეხება. ის თითქმის გადაულახავი პრობლემაა სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ოჯახებისთვის. თუმცა ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის, დასაქმების არასტაბილურობისა თუ ფინანსური ბაზრის მოულოდნელი რყევების გამო, ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ საშუალო შემოსავლის ოჯახებიც დგანან ან შეიძლება, დადგნენ. საცხოვრებლის პრობლემა აქვთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ეკო-მიგრანტებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებს.
 
უსახლკარობის საკითხი გადააზრებას მოითხოვს – ის არ არის ინდივიდუალური პრობლემა. ჩვენ გვჯერა, რომ საცხოვრებლის საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკით; საქართველოს მთავრობას კი არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის საერთო ხედვა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.