2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. მყარი რეპუტაციის მქონე ქვეყნის, კულტურის სამინისტროსთან ბოიკოტში მყოფი გამომცემლებისა თუ მწერლების წინაშე დადგა გამოწვევა, შეენარჩუნებინათ წლების განმავლობაში შექმნილი კავშირები და ღირსეულად წარედგინათ თანამედროვე ქართული ლიტერატურის რეალური სურათი. ფონდის მხარდაჭერით, ეს მისია წარმატებით შესრულდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა არის მნიშვნელოვანი სივრცე ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის, უცხოელ გამომცემლებთან თანამშრომლობისა თუ საავტორო უფლებების გაყიდვისთვის. წლების განმავლობაში, ქვეყნის ეროვნული სტენდის მოწყობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და მწერალთა სახლი ერთობლივად, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით მუშაობდნენ.
ამ ზაფხულს, ასოციაციაში შემავალი 100-ზე მეტი მწერლისა და გამომცემლისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მწერალთა სახლის დირექტორის, ნატა ლომოურის გათავისუფლება და ამ თანამდებობაზე ქეთევან დუმბაძის დანიშვნა. მათ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც, მათივე შეფასებით, ატარებს არადემოკრატიულ, საბჭოთა, ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს. ასევე, მათთვის მიუღებელი იყო ისიც, რომ ქეთევან დუმბაძე იყო მმართველი პარტიის წევრი, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს”.
ასოციაცია საქართველოში რეგისტრირებულ წიგნის გამომცემელთა დაახლოებით 80%-ს აერთიანებს. მას დიდი წვლილი აქვს საქართველოში წიგნის სექტორის განვითარებაში და მის საერთაშორისო თუ ეროვნული მასშტაბით წარმოჩენაში, გამოცემის თავისუფლებისა თუ საავტორო უფლებების დაცვაში, თემატურ ფესტივალებში ქართველი გამომცემლებისა და გამავრცელებლების ჩართულობის ხელშეწყობაში და ა.შ.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, „ასოციაციის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეროვნულ სტენდს მწერალთა სახლთან ერთად აღარ დააორგანიზებდა, თავად მწერალთა სახლს კი ფრანკფურტის ბაზრობაზე მონაწილეობისთვის საკმარისი არც დრო ჰქონდა და არც კომპეტენცია“, გვიყვება ტორესა მოსი, რომელიც ამ მოვლენების მონაწილე იყო.
თუმცა, მსხვილი გამომცემლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს პენცენტრის ჩართულობითა და ცენზურისგან თავისუფალი ლიტერატურის გულშემატკივრების ქომაგობით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველომ მაინც წარადგინა სტენდი, რომელიც მწერალთა სახლისგან დამოუკიდებლად მოეწყო და მკაფიოდ ასახავდა იმ პრობლემებს, რომელთა წინაშეც დღეს ქვეყანა დგას. ამასთან, ეს სტენდი ღია იყო არა მხოლოდ დიდი ან ბოიკოტში მყოფი გამომცემლებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც მონაწილეობა სურდა, თარგმანის პრეზენტაცია ან ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი.
დაუმორჩილებელი ქართული ხასიათი – ამ კონცეფციით წარდგა საქართველო 2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. „ფრანკფურტში სულ ამბობენ, რომ საქართველო ბაზრობის საუკეთესო მასპინძელი ქვეყანა იყო 2018 წელს – ეს იყო შედეგი მზადების ინკლუზიური პროცესისა, რომელშიც ყველა იყო ჩართული და რომელიც ეროვნული ინტერესების გატარებას ემსახურებოდა. ჩვენ ამ მოლოდინს ვერ გავაცრუებდით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი კონფლიქტები არ არსებობდეს და ასეთ ღონისძიებებზე კულტურა სრული სახით იყოს წარმოდგენილი, თუმცა ეს ვერ მოხდება პრინციპების ღალატის ხარჯზე“, აღნიშნავს ტორესა მოსი, რომელიც დამოუკიდებელი სტენდის ორგანიზებაში იყო ჩართული.